დასახარისხებელი პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

40

მაშინ იმ მოედანს ზაარბრიუკენის კი არა, ვორონცოვის მოედანი ერქვა. მე ვარანცოვს ვეძახდი.

ყოველ შაბათ-კვირას მე და დედა ვარანცოვზე მივდიოდით. ისინი მარტო ცხოვრობდნენ, უზადოდ დალაგებულ სახლში, რაც ბებიაჩემის დამსახურება იყო: მტვრის ყოველ ნაწილაკს პირად მტრად მიიჩნევდა და მანამდე არ მოისვენებდა, სანამ არ გააქრობდა. ამის გამო ხშირად ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. ერთხელ, მაგალითად, ყველაზე მაღალი კარადის გადაწმენდა მოინდომა, სკამზე შედგა, ტილო გადაუსვა, მაგრამ ქვემოთ ვეღარ ჩამოვიდა (თავის ტვინზე მძიმე ოპერაციის გადატანის მერე ძველი ენერგია ბოლომდე ვერ აღიდგინა). ჰოდა, იდგა ასე საწყლად მანამ, სანამ ბიძაჩემი შემთხვევით სტუმრად არ მივიდა. დაბლა ჩამოიყვანა და უთხრა, კიდევ კარგი, რომ მე მოგისწარი, თორემ გურამი ძალიან გაგიჯავრდებოდა ამსიმაღლეზე აძრომისთვისო.

გურამი ბაბუაჩემს ერქვა. ძველი მილიციელი იყო. საუცხოო გინება იცოდა! ისეთი, როგორსაც ხელოვნებად აღიქვამ და ყურში უწმაწურობად არ გხვდება🙂 ბაბუაჩემს ძალიან უყვარდა ბებო. სულ პატარა ბავშვივით ეფერებოდა და ცდილობდა ცხოვრებისეული სიძნელეები აეშორებინა.

არადა, ასეთი სიძნელეები მაშინ ოხრად იყო: ოთხმოცდაათიანი წლები იდგა და ნელ-ნელა ვუბრუნდებოდით ადამიანურ ყოფას. მაგრამ, ბაბუაჩემი განსაკუთრებით ცდილობდა და, ამიტომ, ვარანცოვზე სულ მუდამ ყველაფერი იყო.

ჩვენ შაბათ-კვირას გავდიოდით. დედაჩემი ზღურბლის გადაბიჯებისთანავე პატარა გოგო ხდებოდა. მე ისედაც პატარა ვიყავი და შესვლისთანავე შევუდგებოდი ჩემს მუდმივ რიტუალს: ბებიაჩემის უჯრების ქექვას. რას არ ვპოულობდი აქ! ძველ მძივებს, გულსაბნევებს, კრემებს, პომადას… ახლაც მახსოვს მათი სუნი. ჰო, კიდევ ტონალურ კრემს, რომელსაც “ბალეტი” ერქვა და ბალერინა ეხატა. ბებიაჩემი არცერთს აღარ იყენებდა, მაგრამ მაინც საგულდაგულოდ ინახავდა. ბოლოსდაბოლოს, ჩემს საქექად მაინც…

საღამოს დედას უნდა ვებანავებინე. აბაზანაში ატმორი იდგა, რომელიც სამზარეულოში წყლის მოშვების დროს განსაკუთრებით აცხელებდა და ყოველი შესვლისას ბებიაჩემს ვაფრთხილებდით. მას კი ყოველ ჯერზე ავიწყდებოდა და მეც კიბორჩხალასავით წითელი გამოვდიოდი.

ბანაობის მერე დედა ლოგინში მაწვენდა. თეთრეული ყოველთვის თეთრი იყო, გახამებული. ვგრძნობდი, როგორ ხრაშუნობდა ჩემს მოძრაობებზე და ძალიან მომწონდა. სანამ მე ლოგინში ვთბებოდი დედას ჩაი და ყველი/პური მოჰქონდა. ლოგინშივე ვივახშმებდი და ვიძინებდი.

დილით, სანამ ჩვენ გვეძინა, ბაბუაჩემი მაღაზიაში ჩუმად ჩადიოდა და ფუნთუშები ამოჰქონდა. ადგომისთანავე ცხელ ჩაის და საუზმეს გვახვედრებდა. ლიმონიან ჩაის ძველებურ ჭიქებში ვსვამდით, რკინის ჩასადები რომ აქვს, ისეთებში. ვატანდით ჯერ კიდევ ცხელ-ცხელ ფუნთუშებს და ვტკბებოდით ვარანცოვის დილით.

შუადღისთვის სახლში წამოსასვლელად ვემზადებოდით და ვგრძნობდი, თუ როგორ მოუსვენრობდნენ ბებიაც და ბაბუაც: ამ მომენეტს ვერ იტანდნენ. ბებიაჩემი აუცილებლად მჩუქნიდა ათ ლარს, რითიც მომენტალურად უმდიდრესი ბავშვი ვხდებოდი.  ჩვენ მაინც მოვდიოდით და დედა პირდებოდა, რომ იქით კვირას აუცილებლად გამოუვლიდა. დედის და მამის ეძახდა.

ახლა არც ვარანცოვის სახლია.

არც ბაბუაჩემი.

არც ბებიაჩემი.

მხოლოდ მოგონებები, რომლის ბოლო ფურცელიც ბებიაჩემმა ზუსტად 40 დღის წინ გადაშალა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s