არმატურას დღიურები

ე ლ ე ნ ე

ელენე პირველად მარის დაბადების დღეზე ვნახე. მაშინ მარი ჩემს სანაცნობოში ერთადერთი არქიტექტორი იყო და არქიტექტურაც ჩემთვის მარის ბლოგივით მხიარული, ფერადი და პოზიტიური სფერო მეგონა. სფეროსი არ ვიცი და ის ადამიანები, რომლებიც იმ დღეს ვნახე, სწორედ ასეთებად მომეჩვენენ. განსაკუთრებით კი ერთი, ფოტოაპარატიანი და ხუჭუჭთმიანი, რომელიც ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდიოდა. მაგალითად, მან მოიფიქრა მარისთვის დაგვეწერა ლექსი, თითოს თითო სტრიქონი. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, თუ რა ბედნიერებაა გყავდეს ასეთი მეგობარი, რომელიც შენს ცხოვრებას ასეთი სასიამოვნო მოგონებებით ტვირთავს და ინაწილებს.

გავა წლები და კედელთან დახვრეტის მოლოდინში მდგომი არ ვიქნები, მაგრამ ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებასაც გაალამაზებს ასეთი მოგონებებით. მაგრამ მაშინ ეს არ ვიცოდი. და, უბრალოდ, გავიფიქრე.

ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ელენეს შესახებ.

რამდენიმე წლის მერე არმატურაში მივედი და ერთად თამაში დავიწყეთ. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ჩვენი გუნდის ურთიერთობა კომაროვს არ გასცილებია, ამიტომ ელენეც არ ფიგურირებს იმდროინდელ მოგონებებში. ჩვენი შემდგომი შეხვედრა მარის გაცილებაზე მოხდა: კაპიტანს გერმანიაში ვუშვებდით და მხიარული ლაყბობით ვცდილობდით სევდის გადაფარვას. მე და ნატალია ვისხედით და გრეის ანატომიას ვარჩევდით, ელენე და თამუნა ხმამაღლა მსჯელობდნენ ურბანისტიკაზე, თორნიკე ეთერი დეიდას ესალმებოდა და დანარჩენები სურნელოვანს ჩაისა და ქლატამს შეექცეოდნენ (ქლატამი არის ქლიავისა და ატმის უცნაური ნაზავი, რომელიც გია ძიამ გამოიყვანა ტყვიავში).

ელენე ძალიან მხიარულად გამოყურებოდა. მაშინ გავიფიქრე, რომ ეს ადამიანი ალბათ ძალიან იშვიათად აჩენს თავის ყველაზე ინტიმურ ემოციებს-მეთქი. ადვილი ხომ არ არის შენი უახლოესი მეგობარი ორი წლით გაუშვა სხვაგან საცხოვრებლად და შენი ცხოვრების რაღაც ნაწილი დროებით ცარიელი დატოვო. მას კი არ ეტყობოდა. ისე იქცეოდა, თითქოს ერთი რიგითი საღამო იყო და მომდევნო შაბათ-კვირასაც ბოდიალარტით დაკავდებოდა მარისთან ერთად.  პრინციპში, მომდევნო შაბათ-კვირას არა, მაგრამ მომდევნო ახალ წელს ზუსტად ასეც მოიქცა-თბილისის ნაცვლად, ბერლინში იბოდიალეს: ერთ-ერთი თამაშის ბოლოს ელენემ ძალიან უბრალოდ მითხრა, რომ რამდენიმე კვირით გერმანიაში მიდიოდა მარისთან. სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო ელენემ თავისდაუნებურად ჩემში იმ აზრის გაღვივება, რომ ყველაფერი მ ა რ ტ ი ვ ი ა. უბრალოდ, უნდა გააკეთო. მაგრამ ეს მერე. იმ საღამოს კი ძალიან მხიარულად იყო და მალევე წავიდა-ლილო, მოგეხსენებათ, შორსაა. თუმცა, ეს სიშორეც ვერ ძლევს ელენეს ენერგიულობს-არ არსებობს, სადმე წამოსვლა დროისა და მანძილის გამო დაეზაროს. ამ ბოლო დროს კი შეიცვალა ცოტა, მაგრამ დაე ეს საქმეებს დავაბრალოთ და არა ელენეს : )

მესამე შეხვედრად პროსპერო მახსენდება: პირველად არმატურას ისტორიაში სავარჯიშოდ შევიკრიბეთ. მარტო გოგოები ვიყავით-ოტია და ლევანი ვერ მოვიდნენ. ვუპასუხეთ რამდენიმე კითხვას, დავლიეთ ჩაი და დავიშალეთ. თუმცა, პრეცედენტი შედგა და, როგორც ცესკო ამტკიცებს, პრეცედენტი ქმნის ტრადიციას. ტრადიციის არ ვიცი, მაგრამ შემდეგ ჩვენმა ვარჯიშებმა ინტენსიური სახე მიიღო, რომლებსაც ყველა ვესწრებოდით და შეკითხვების გარდა ერთმანეთითაც ვინტერესდებოდით.

მეოთხედ ელენეს დაბადების დღე მახსოვს. გალერიში ვიყავით. წასვლის თაობაზე ბევრი ვიფიქრე-მეზარებოდა. რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ ერთი წლის შემდეგ ელენეს დაბადების დღე ჩემთვის ისეთივე უპირობო აღსანიშნავი იქნებოდა, როგორც ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრების. მაშინ კი, ბევრი ორჭოფობის მერე, მაინც წავედი.

და კიდევ კარგი წავედი. იმ დღიდან ელენესთან ცალკე შეხვედრები ფრაგმენტებად არ მახსოვს. იმ დღიდან ელენე, ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ, არის და მორჩა. ახლაც არ ვიცი, რატომ ვგრძნობ მასთან თავს ასე კარგად: აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპაჟები ვართ, ახლაც ვზივარ და ვფიქრობ, ხასიათის რა შტრიხი გვაქვს საერთო. ელენესი არ ვიცი და მე სწორედ ის მხიბლავს მასში, რაც მე ასე ძალიან მაკლია: სპონტანურობა, სითამამე, საკუთარი თავის რწმენა, სიხალისე, კომუნიკაბელურობა, სიახლისადმი ღიაობა…

ელენეს არ უყვარს სენტიმენტალობები და სიყვარულის ახსნები. მე მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, რომ თავზე არ მოვახვიო. ის, რომ ჩემს უახლოეს მეგობრებში მოვიაზრებ, სიყვარულის ყველა ახსნაზე მეტს ნიშნავს.

ჩემთვის.

და ელენესთვისაც.

აი, ეგ გვაქვს საერთო!

IMG_0031

To be continued…

3 thoughts on “ე ლ ე ნ ე

  1. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ ასეთი პოსტები ყველაზე მეტად მომწონს – ადამიანებზე, მეგობრობაზე, ყოველდღიურ, მაგრამ განსაკუთრებულ ისტორიებზე ))

  2. მეგონა ეს პოსტები მარტო ჩვენთვის იქნებოდა საინტერესო, ანუ ვინც ვიცნობთ გმირებს იმათთვის. და ძალიან გამიხარდა ახლა შენი კომენტარი :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s