Busasa

ბუსას კასტრაცია

კასტრაცია ძალიან ბოროტი სიტყვაა და სულ სტერილიზაციას ვხმარობ. არადა, სტერილიზაცია მდედრებს უტარდებათ და მილების გადაკვეტვას ნიშნავს. კასტრაცია კი რაც არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით🙂

ჩემი ბუსა ბიჭია. ორი თვის იყო რომ მომიყვანეს და იმ დღიდანვე ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი მის გამრავლების საკითხთან დაკავშირებით. ჩავუჯექი ინტერნეტს, სხვების გამოცდილებებს და გადავწყვიტე, რომ როდესაც შესაბამის ასაკს მიაღწევდა, წამეყვანა ვეტერინართან და ეს მინი-ოპერაცია ჩამეტარებინა.

ამასობაში ბუსა შვიდი თვის გახდა. შეეცვალა ხასიათი, გახდა აგრესიული და დაგვკბინა არამარტო ოჯახი, არამედ სტუმრად მოსული ხალხიც კი. კბენაც არის და კბენაც, ისე მტკივნეულად ისწავლა ბრჭყალებით დაჭერა და კბილების ჩასობა, რომ სერიოზული ძალისხმევა გვჭირდებოდა მის მოსაშორებლად. სულ გაქცევაზე ეჭირა თვალი, საკმარისი იყო კარი ოდნავ გამოგვეღო და ეს უკვე შურდულივით მირბოდა ოთახიდან. ოთახიდან ოთახში ჯანდაბას, რა ჭკუა დაუშლიდა  ქუჩაში გავარდნილიყო ან აივნიდან გადმძვრალიყო. ალბათ, ვერც მოაგნებდა უკან და გახდებოდა ქუჩის გამხდარი, მშიერი კატა. გარდა ამისა, ძალიან არ მინდოდა ტერიტორიების მონიშვნა დაეწყო და ყველგან მოეშარდა. აქამდე მარტო სამაგიეროს გადახდის მიზნით აფსამდა ჩემს ტანსაცმელს და ახლა კიდევ დამატებით რომ დაეწყო ნამდვილად გავგიჟდებოდით ორივე🙂

ჰოდა, ამ და სხვა მიზეზების გამო პარასკევს წავიყვანე ექიმთან. მზიანი დილა იყო, ოდნავ გრილი. ბუსა თავის საყვარელ გალიაში ხალისით შეხტა და გზაშიც არ უკნავლია ბევრი. მივედით ლენასთან,  კანდელაკზე. ლენამ, დამიტოვე და ერთ საათში გამოუარეო. მეც, ინსტინტქურად, დავტოვე გალია მაგიდაზე და გამოვედი. ხუთი-ათი წუთის მერე მივხვდი, რომ შეშინებული ბუსა მარტო დავტოვე ოპერაციის წინ და ცრემლები წამომივიდა, ისე შემეცოდა. რა თქმა უნდა, ეგრევე მივბრუნდი, მაგრამ ლენას უკვე შეყვანილი ჰყავდა.

ძალიან ვნერვიულობდი და დროის გაყვანის მიზნით მაღაზიის კატებთან დავიწყე თამაში. ვინც ერთხელ მაინც ყოფილხართ “ბუნების” კანდელაკის ფილიალში, აუცილებლად გეყოლებათ შემჩნეული იქაურობის მთავარი ბინადარი, ექვსი წლის ბრიტანული მოკლებეწვიანი მდედრი ლილუ. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ალერსიანი და თბილი კატა, რაც კი ოდესმე მინახავს. უზომოდ ბევრი ვეფერე და, ამასობაში, ბუსას ოპერაციის ოცი წუთიც გავიდა (ჰო, კასტრაცია საკმაოდ მოკლე და მარტივი პროცედურა ყოფილა, სტერილიზაციისგან განსხვავებით). ბუსა უკვე თავის გალიაში დამხვდა, რადიატორთან მიდგმული და გათიშული. ლენასგან დარიგებები მივიღე და სახლში წამოვიყვანე.

ბოლომდე გათიშული არ იყო, ძლივს დაბობღავდა, უკანა ფეხებს ვერ ამოძრავებდა კარგად. ისეთი საწყალი და ცოდო იყო, რომ სულ ცრემლები მომდიოდა. თან არ ისვენებდა, ხან საწოლზე ასვლა უნდოდა, ხან სიარული. დავდევდი კუდში და ხელს ვაშველებდი. მერე ჩემს კალთაში ჩაიძინა და ფისიც გაეპარა. თუმცა, ბუსას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როგორც კი ფეხებში გრძნობა დაუბრუნდა, მაშინვე თავისი ტუალეტისკენ გაფოფხდა და იქ მოისაქმა.

ნარკოზიდან გამოსვლისას ძალიან შეცივდა და რადიატორზე აძვრა. დავუფინე ამ რადიატოზე თბილი პირსახოცები, ქვემოთ სკამი მივუდგი, რომ არ ჩამოვარდნილიყო და დაძინება ვაცადე. ცოტა ხანში, მართლაც, უკეთ გრძნობდა თავს და საწოლში გადმოვაწვინე.

ამ ფოტოზე სულ გული მიკვდება😦

პატარა შპრიცით ვასხამდი პირში წყალს და გაზგასულ ნაბეღლავს. საჭმელს არ ვიცოდი, როგორ შეჭამდა და თავისი სუხარიკები წყალში დავულბე, რასაც პირი არც კი დააკარა. მერე ისევ მშრალი სახით მივეცი და სუსტად აკნატუნა. ასე იყო მთელი დღე, საღამოს კი უკვე ყოჩაღად დადიოდა და ჩემებსაც ვაჟკაცურად შეხვდა. ეს ზემოთა ფოტო ფბ-ზეც დავდე ჩემთან, რის გამოც ძალიან ბევრმა უგულო და სასტიკი ადამიანი მიწოდა, რომელიც საკუთარ კატას ასე აწამებს🙂 ამიტომ, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით აქვე ჩამოვწერ კასტრაციის დადებით ფაქტორებს:

  • ცხოველის ფსიქიკაზე  მუდმივად დაუკმაყოფილებელი სექსუალური მოთხოვნილებები ცუდ ზეგავლენას ახდენს;
  • კასტრირებული მამალი კატები სახლიდან აღარ გარბიან და, შესაბამისად, არც იკარგებიან;
  • ხდებიან უფრო მოსიყვარულეები და თბილები;
  • ჯიშიანი ცხოველის გამრავლება არ არის იმდენად პრობლემატური, თუ არ გაიყიდება სიამოვნებით იჩუქებს მაინც ხალხი, უჯიშოები კი ხშირად ქუჩაში ხვდებიან და იქ კარგად ნამდვილად არ ცხოვრობენ;
  • და რაც ყველაზე მთავარია აღშფოთებული ხალხისთვის, ცხოველები სექსისგან სიამოვნებას არ ღებულობენ. ყოველ შემთხვევაში, კატები. არც შვილების სიყვარულით იკლავენ თავს, განსაკუთრებით-მამრები.

აი, ასე დავიმშვიდე ჩემი ადამიანური სინდისი. მითუმეტეს, როცა მეორე საღამოს ჩემი ბუსუნა უკვე ასეთი იყო:

ტრადიციულად გაღიმებული და თვალებდაჭყეტილი ბუსა🙂

ძველებურად დარბის და ნავარდობს, უბრალოდ, ტაკოდან ძაფი დასთრევს, რომელსაც ხვალ ამოუღებს ექიმი.

ძალიან მიხარია, რომ ბუსას ცხოვრების ეს დრამატული ეპიზოდი ასე მშვიდობიანად გადავიტანეთ. მადლობა ლენას : )

13 thoughts on “ბუსას კასტრაცია

  1. ვაიმე, ასე ხატოვნად და სიყვარულით რომ აღეწერა ვინმეს კატის კასტრაციის ამბავი, პირველად წავიკითხე (თუმცა, ზოგადად, კატის კასტრაციის ამბავიც პირველად წავიკითხე :დ )

  2. ლამისაა ვიტირო ახლა, მე გავაშვილე ჩემი კიწი და თვალწინ გამირბინა მისმა ავადმყოფობებმა, გაციებებმა, მართლა შვილივით რომ ვუვლიდი და ვზრდიდი. აწი მკაცრად გადავწყვიტე, ცხოველს აღარ ვიყოლიებ, რადგან ძალიან ძნელია მერე მასთან რაიმე მიზეზით შელევა. არადა პრიორიტეტების ამბავია, კიწი რომ არ გამეშვილებინა, ჩემი შვილის გაშვილება მომიწევდა, ბეწვზე ალერგია აქვს😦

  3. დააკმაყოფილებინეთ მერე ეგ მოთხოვნილება და არც დაგკბენთ და მოფსამს სადაც მოსაფსმელია🙂
    უფრო ჰომანურია. ბუნებრივი.🙂 იმჰო.

  4. ქუჩას რაც შეეხება რატომ ცხოვრობენ მერე ცუდად?
    აგე ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ ქუჩაში ცხოველები.🙂 გადმოვიღოთ მათი გამოცდილება.

  5. ძალიან მძიმე ისტორია გაქვს შენ მართლა😦 თან ვერც გამტყუნებ, თან ვერც წარმომიდგენია ეგეთი რთული არჩევანი😦

  6. მშვენივრად ჩაუვლია ყველაფერს,გილოცავ.მოსალოცი კი იმიტომ არის, რომ ,მაგალითად,ჩემი კატის შემთხვევაში ასე არ მოხდა,ისეთი სისხლდენა დაეწყო,მძლივს გადავარჩინე,ეხლაც ვმკურნალობ,ჭრილობა დაუჩირქდა.მოკლედ,რთულად წაგვივიდ საქმე,თუმცა ეს იშვიათად ხდება ხოლმე.სტერილიზაცია–კასტრაცია მეც აუცილებლად მიმაჩნია.მე ლეკვიც მყავს და 6–7 თვის ასაკში მასაც გავასტერილებ.
    წარმატებები შენ ფისოს❤

  7. დიდი მადლობა :* იმედია კარგადაა ახლა კატუნა, როგორ შეშინდებოდით და გაწვალდებოდით😦

  8. ეგრე გაუმართლათ მაგათ 365 დღე წელიწადში. და ზიგჯერ 366 დღეც.🙂
    და ძაღლებსაც bzw

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s