მედია პოსტები · პრობლემური პოსტები

სტერილურობის პრობლემა და დასაბალანსებელი სიუჟეტები

უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით დავამთავრე.  სტუდენტობის დროს გაზეთშიც ვწერდი, ტელევიზიასა და რადიოშიც ვცადე ბედი. მერე ვიფიქრე, რომ ჩემგან კარგი ჟურნალისტი ვერ დადგებოდა და ამ სფეროს საერთოდ შევეშვი. ახლა სხვა ფაკულტეტზე ვაგრძელებ სწავლას და რადიკალურად განსხვავებული გეგმები მაქვს, მაგრამ როდესაც ტელევიზორს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ თავის დროზე ტყუილად დავაკნინე საკუთარი ჟურნალისტური მონაცემები.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ნოდარ მელაძის გადაცემის კრიტიკა უკვე ყელში მაქვს ამოსული. ყველა, ვისაც წერა და ლაპარაკი არ ეზარება, სასტიკად ასწორებს მიწასთან და, რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეული მათგანი მართალია. გუშინ ჩემთვის საკმაოდ საინტერესო თემა ჰქონდათ: შიდსისა და ჰეპატიტის გავრცელების გზები, სანიტარული მდგომარეობა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში. 

მელაძემ გამოაცხადა, რომ ვნახავდით დღევანდელი სანიტარული სიტუაციების ამსახველ სიუჟეტებს და მეც მოხერხებულად მოვეწყე სავარძელში. შედეგად, ვნახე სიუჟეტები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პირველი მათგანი  სტომატოლოგიურ კლინიკებს ეძღვნებოდა. ჟურნალისტს გადაღებული ჰქონდა ორად-ორი კლინიკა, თბილისის გარეუბნებში. იცით როგორი? აი, საღად მოაზროვნე და საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი რომ არაფრის დიდებით არ შევა. ბნელი, ჭუჭყიანი ოთახები, ძველისძველი ტექნიკა, ფარდით გაყოფილი განყოფილებები და ა .შ.

გასაგებია, რომ კარგი კლინიკა შესაბამისი აპარატურით საკმაოდ ძვირი ღირს და ერთი კბილის დაპლომბვაც კი სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, იქ  რაღაცების მოკლება, გაჭირვება და უსაფრთხო მკურნალობა უკვე ღირს. კარგი, დავანებოთ თავი ამ ძვირიან კლინიკებს. ხომ არსებობს საშუალოც?  რატომ არ უნდა გადაიღოს ჟურნალისტმა თავის სიუჟეტში სხვადასხვა დონის კლინიკა?  გადაცემის თემა სტერილურობა იყო და სასტერილიზაციო აპარატიც კი არ უჩვენებიათ. თუკი მე, როგორც პაციენტი, უნდა დავინტერესდე პირობებით და გადავამოწმო, თუ სად ასტერილებენ ხელსაწყოებს და ა.შ., ხომ უნდა ვიცოდე, რას ვითხოვ და რა როგორ უნდა იყოს? არანაირი ბალანსი. პირიქით, სიტუაციის მუქად და შავბნელად გამოყვანის მცდელობა. როდესაც სადღაც მიწურში მიდიხართ კბილის დასაპლომბად, იქიდან ცუდად ნამკურნალები კბილით კი არა, მართლა შიდსით და ჰეპატიტით დაავადებული შეიძლება გამოხვიდეთ.

მეორე კიდევ უფრო მაგარი სიუჟეტი-სილამაზის სალონებზე. და სად იყო ეს ყველაფერი გადაღებული? გადასასვლელ ხიდზე. ერთი ციცქნა ოთახები, სადაც წყალიც კი არ მოდის. ფაქტი საშინელია, მაგრამ კიდევ უარესია სიუჟეტში დასმული შეკითხვა: რატომ არ ასტერილებთ თმის საკრეჭ მაკრატლებს? შიდსი თმაზე შეხებით, რამდენადაც მე ვიცი, არ გადადის. იმის შანსი კი, რომ სტილისტმა ინფიცირებულ ადამიანს ყური მოაჭრა და მერე იგივე მაკრატლით ჩემს ყურებს მიადგა, საკმაოდ მცირეა. არ უარვყოფ, რომ არის. არც იმას უარვყოფ, რომ მაკრატლების არასტერილურობა პრობლემა არაა. მაგრამ, როდესაც ამ თემაზე აკეთებ სიუჟეტს, თითიდან გამოწოვილი მაგალითი კი არა, რეალური საფრთხეები უნდა დააყენო: მანიკიური და პედიკიური (არ ყოფილა ნაჩვენები კადრები, თუ როგორ უნდა სტერილურდებოდეს ინსტრუმენტები), ტატუირება… ეს უკანასკნელი დამსწრემაც აღნიშნა. ტატუირების იგნორირება ინფიცირებაზე გადაცემის მომზადების დროს, სულ მცირე, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს (პრინციპში, გადაცემისთვის ბოლომდე არ მიყურებია. თუკი ტატუირებაზე რაიმე იყო ნათქვამი და მე გამომრჩა, ბოდიში. თუ არადა, წინა შენიშვნა ძალაში რჩება).

სამაგიეროდ, მელაძის გადაცემებს შორის ეს ყველაზე საინტერესო თემატიკით გამოირჩეოდა. ნამდვილად უნდა მიექცეს ამ პრობლემას სათანადო ყურადღება და მოსახლეობაშიც უნდა გატარდეს კამპანია, რომელიც მათ საჭირო ანალიზების ხშირ-ხშირად გაკეთებისკენ მოუწოდებს. ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაურად ჟღერს, როდესაც შიდსზე სინჯის ასაღებად მიდიხარ. მეორე მხრივ, თუკი მსოფლიოში უამრავი ადამიანია ინფიცირებული, რატომ არ არსებობს იმის შანსი, რომ ეს შენც დაგემართოს?

სტომატოლოგთან ყველა დავდივართ. ასევე ყველა ვსტუმრობთ სილამაზის სალონებს. დაწესებულებების ფრთხილად არჩევა და საკუთარი ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი-აი, რა არის გამოსავალი ამ კონკრეტულ სიტუაციაში.

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s