პრობლემური პოსტები

მძიმე ყუთი, ზებრის კუდი და სიცოცხლე

14–15 წლის იქნება. საშუალო სიმაღლისაა. სათვალე ხან უკეთია, ხან–არა. ალბათ, თვალები აწუხებს. წელიც–ხშირად მხრებში მოხრილი დადის. იშვიათად იცინის. იცინის რა, არც კი იღიმის. სიარულის დროს სახე სულ მოღუშული და სერიოზული აქვს. მოწესრიგებულია, არც ჭუჭყიანი კეტებით გაივლის და არც დაჭმუჭნული პერანგით. მის ჩაცმულობაში დისონანსი მკვეთრ,  ფოსფორისფერ ჟილეტს შეაქვს–ხანდახან “სტაიანშიკად” მუშაობს. ეს ხანდახან. სხვა დროს კი მძიმე ტვირთს დაათრევს. ვხედავ, როგორ სცხელა და უჭირს. კისერზე ძარღვები ებერება და წელშიც უფრო მეტად იხრება. ცდილობს სწრაფად აიტანოს ყუთები დაუმთავრებელ კიბეზე და თან გარეთ გავარდეს, რომელიმე მძღოლს მანქანის გაჩერებაში მიეხმაროს.  დილაობით ადგილობრივი ტაქსისტის მანქანაში მხვდება, სათვალე უკეთია და ძალიან უხდება. მე მჯერა, რომ ეს ბიჭი ჭკვიანია. სულ მინდა მივიდე და ვუთხრა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ. მაგრამ არ ვაკეთებ ამას–პათეტიკურობის მეშინია.

რამდენიმე დღის წინ ქართულ ჟურნალს ვკითხულობდი. სტატია იყო პატარა რუსთაველ ბიჭზე, რომელიც თბილისში ტვირთის გადაზიდვით ორ ძმას და დედას ინახავს. თან თიაქარი აწუხებს. იცის, რომ მძიმეები არ უნდა აწიოს, მაგრამ მაინც ეწევა. სკოლაში თანხის გადაუხდელობის გამო ვერ დადის. ვერც ახალში გადააქვს საბუთები–სანამ ვალი არ დაიფარება, მისი პირადი ანკეტა ძველი სასწავლებლის სეიფში იქნება ჩაკეტილი. დედის კომენტარიც იყო, ერთხელ წამოსცდა–ძალიან დავიღალეო…

მესამეს ჩემს ქუჩაზე ვხედავ. იმდენად შევეჩვიე, რომ აღარც მახსოვს, როდიდან დგას აქ. მახსოვს, სკოლაში წასულიც ვამჩნევდი და უნივერსიტეტიდან დაბრუნებულიც. მისი შეუმჩნევლობა ძნელია: ცისფერი თვალები და ქერა კულულები აქვს. ბანალურად კარგი გარეგნობა, ყოველთვის რომ იქცევს ყურადღებას. კარგი გარეგნობა და გაწითლებული ხელები. მანქანებს რეცხავს. მანქანის რეცხვა გრილ საქმიანობად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ახლა აგვისტოა. მე კი თებერვლის წითელ ხელებზე გიამბობთ. წყლის წვეთები რომ თითებს ეყინება, ისეთზე.  ესეც ათრევს სიმძმეებს, ზებრის კუდითაც აყენებს მანქანებს და სამუშაოს ჩემი ქუჩის კუთხეში ელოდება. რამდენიმე დღის წინ პირველად მომესალმა…

მე ეს სამი ადამიანი ძალიან მიყვარს.

6 thoughts on “მძიმე ყუთი, ზებრის კუდი და სიცოცხლე

  1. კარგი გოგო და ადამიანი ხარ🙂
    გამათბო და თან გული ამიჩუყა ძალიან…
    ყველაზე მეტად ასეთი ბავშვებს და ადამიანებს ვაფასებ ადრიდანვე რომ ამძიმებთ ცხოვრება და მაწუხებს რომ ასე წვალობენ. და ზოგჯერ მათი მრცხვენია კიდეც…
    მეც ვიცი რამოდენიმე მსგავსი ადამიანი, ზოგი უფრო დიდი, ზოგი პატარა…
    მეც ვფიქრობ ხოლმე მსგავსი რამის დაწერას ერთერთზე, შესაძლოა ოდესმე დავწერო კიდეც…
    მინდა მჯეროდეს, რომ ბედნიერები იქნებიან და ერთ დღეს ტკბილად მოაგონდებათ თავიანთ მძიმე წარსულის მოგონებაზე…
    დიდი მადლობა ამ პოსტისთვის🙂

  2. დღეს თბილისში ძაან ბევრი მსგავსი ხალხის ნახვა შეიძლება😦

    ძალიან მომეწონა.

  3. ბოლო წინადადებაზე ყელში ბურთი გამეჩხირა:/

  4. რა კარგია ჯერ კიდევ რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ამჩნევს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s