პრობლემური პოსტები

შორია

ყველა ადამიანს თავისი ტკივილი აქვს. მაგრამ არის გრძნობა, რომელიც მთელ ერს აერთიანებს. პირადად მე, ქართველების იმ რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც აფხაზეთის თემა გულში ტკივა და თვალებიდან ცრემლებად მოსდის.
აფხაზეთში არასდროს ვყოფილვარ. სოხუმი და გაგრა მხოლოდ ფოტოებზე მაქვს ნანახი. ისტორიები ულამაზეს ზღვაზე და პალმებზე იქაური ლტოლვილებისგან (თუ იძულებით გადაადგილებული პირებისგან?) მომისმენია. და მგონია, რომ აფხაზეთში სულ კარგი ამინდი იდგა და ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ეს ძალიან პრიმიტიულად.
კლასში აფხაზეთიდან ბევრი ლტოლვილი გვყავდა. სახლი თითქმის ყველას ჰქონდა, ერთის გარდა: ამირანი მშობლებთან ერთად სკოლაში ცხოვრობდა. ერთ პატარა ოთახში გაიზარდა. როდესაც გაკვეთილების დამთავრებას გიჟებივით ველოდებოდით და სახლში მივრბოდით, ის არსად არ მიიჩქაროდა, არც დიდად უხაროდა რამე. პირველად მაშინ აღვიქვი, თუ რა საშინელებაა, არ გქოდეს სახლი. და არ გქონდეს იმიტომ, რომ გამოგაგდეს, წაგართვეს…
იქ კი მზე იყო, ცხელოდა და ფანჯრებიდან ზღვა ჩანდა. ზღვა, ალბათ, მოლურჯო-მომწვანო იქნებოდა და დაკვირვებული თვალი საღამოობით დელფინსაც კი დაინახავდა! იქაურებს აფხაზეთი ძალიან უყვარდათ და უკეთესი ადგილი საქართველოში არც ეგულებოდათ.
ალბათ, ახლაც ასე თვლიან.
თავად წარმოიდგინეთ. ან კი რად გინდათ წარმოდგენა, ნახეთ ფოტო. ეს გაგრაა. სახლი, თავის დროზე, ულამაზესი იქნებოდა. მრგვალი ფანჯარა პირდაპირ ზღვას გაჰყურებს. ხედავთ პატარა ბუხარს? სიმყუდროვის სიმბოლოს. როგორია ზამთარში დათოვლილი ზღვის ყურება და შეშის ტკაცუნის მოსმენა? ფანჯარასთან, ალბათ, მაგიდა იდგა, სადაც უამრავ ადამიანს ძალიან ბევრი სასიამოვნო საღამო აქვს გატარებულ. დაუვიწყარი. სამწუხაროდ, რომ დაუვიწყარი. ხშირად მოგონებები იმდენად მტკივნეულია, რომ სჯობს არ გახსოვდეს და გეგონოს, რომ სასტუმრო “ივერიის” ან, უკეთეს შემთხვევაში, წვალებით შეძენილი “ხრუშჩოვკის” მეტი ცხოვრებაში არაფერი გინახავს.
ეს სახლი კი ძალიან ლამაზი იქნებოდა. შეიძლება სასტუმროც კი იყო, სადაც ქართველი და საბჭოელი დამსვენებლები ბედნიერ ზაფხულებს ატარებდნენ. აი იმ ზაფხულებს, ჩვენ რომ სულ გვახარბებენ და ქობულეთში მიმავალთ გვახსენებენ, რომ თავის დროზე აჭარაში არავინ ისვენებდა-მაშინ აფხაზეთი იყო. შენობა ისევ გაგრაში დგას, მაგრამ ძველი სახე ნაკლებად აქვს შენარჩუნებული. მიუხედავად წარსულის ასეთი კვალისა დამეთანხმეთ, რომ ნანგრევებიც კი ლამაზია.ნანგრევები კი გაგრასა და სოხუმში მართლაც, რომ ბლომადაა…
ჩემ შემდეგ თაობას უფრო სამწუხარო მდგომარეობა აქვს: მათი კლასელები არამარტო აფხაზეთიდან, არამედ უამრავი ქართული სოფლებიდან დევნილი ბავშვებიც იქნებიან. იმედი ვიქონიოთ, რომ სია აქ დასრულდება და მომავალში კიდევ უფრო არ გაიზრდება. ეყოლებათ უამრავი ამირანები, რომლებსაც ბუნდოვნად მოაგონდებათ თავიანთი სახლი და გულწრფელად შეშურდებათ იმ ბავშვების, ვისაც სკოლიდან შინ გაქცევა შეუძლიათ.
არ მიყვარს მრავალწერტილები და პათეტიკური ტონი, რასაც პოსტში თავი ვერ ავარიდე. მე ეს თემა ძალიან მტკივა.
ახლა კი უბრალოდ ფოტოები, რომლებიც კოკა ყანდიაშვილის facebook-დან ავიღე. უკომენტაროდ. ეს გაგრაა. დღეს.




2 thoughts on “შორია

  1. 2ჯერ წავიკითხე და მეორე წაკითხვისას ვეღარ ვხედავდი ასოებს, თვალები ცრემლებით გამევსო.
    ოდესმე ნეტა ვიტყვით წამო აფხაზეთშუ წავიდეთ,ამირანთან.
    ბევრი მეგობარი მყავს იქაური და ვიცი როგორ ტკივათ მათ ეს , მეც მტკივა მაგრამ ალბათ ისე არა ვისაც იმ სილამზეში უცხოვრია და ვისაც წააართვეს მიწა სადაც დაიბადნენ

  2. ესეთ რაღაცეებს რო ვკითხულობ მომენტალურად მძულდება რუსების მოდგმა😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s