Tag Archives: ყავა

ბაბუაწვერას ღვინო

20 May

დილის ათი საათია. ჯერ არ ცხელა, მხოლოდ სასიამოვნო ნიავია. ქუჩაში რომელიღაც ხეზე რამდენიმე ჩიტი ზის და ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობენ. მაგიდაზე ვარდების თაიგული დგას, გვერდით კი ფინჯანი ყავა. ყავისა და ყვავილების სუნი ერთმანეთს ერევა და არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტად მომწონს. მაგიდასთან მე ვზივარ და რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოს” ვკითხულობ. ვკითხულობ და ერთი სული მაქვს, მალე მოვიდეს ზაფხული და მალე წავიდე რაჭაში, რათა ისევ შევიგრძნო ის მარტივი ჭეშმარიტებები, რაც იქ მელოდება; ისევ დავბრუნდე ბავშვობაში და ისევ აღმოვაჩინო ბედნიერება ყოველი დღის გათენებაში. მერე, გულდაწყვეტით დავითვალო ზაფხულის დასრულებამდე დარჩენილი დღეები და ნაღვლიანად ამოვიოხრო.

რა დასანანია, ბავშვობაში ამ ბედნიერების სრული სამი თვე მქონდა. ახლა კი… ერთი კვირაც კი არა. ასეა, ვიზრდებით და მარტივი ბედნიერებებიც მცირდება, რაც არ მცირდება-ვერ ვამჩნევთ.

აი, თუნდაც, ეს მშვენიერი დილა. ვერ ვიგრძნობდი მას, რომ არა რეი ბრედბერის წიგნი, რომელიც შემთხვევით ჩამოვიღე თაროდან…

Life is lovely 

 

რამდენიმე ფოტო განწყობისთვის

22 Feb

 

 

 

 

დილა

9 Jul

შაბათი მშვიდობისა ყველას.

ყველაზე მყუდრო პოსტები შაბათ დილას იწერება, ასე მგონია. მთელი კვირის დაღლა, სტრესი, ნერვიულობა, ნეგატივი უკან რჩება და ძალების აღსადგენად ორი ძვირფასი დღე გაქვს მარაგში.

ამ ორი დღიდან მე შაბათი მირჩევნია.

ჩემი დილა გრილი შხაპით, ყავით, დოჩანაშვილითა და ბეთჰოვენის სიმფონიებით დაიწყო. როგორც არ უნდა გაგრძელდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ეს სიმშვიდე მთელი კვირა გამყვება და ყველაზე გამთიშველ წუთებში გამახსენდება. ასეთები კი, ბოლო დროს, საჭიროზე მეტია.

დებო და ძმებო  ( მაპატიეთ ეს ამოჩემებული მიმართვა), მოუსმინეთ ჩემს ლინკს, დახუჭეთ თვალები და დააგროვეთ მთელი კვირის სამყოფი პოზიტივი!

I hate days like this

7 Jul

დილით ყავის მოდუღებას რომ დააპირებ და აღმოაჩენ, რომ ყავა აღარ არის

ქვედაბოლოს რომ ეძებ და ვერ პოულობ

გარეთ ისე ცხელა, რომ მაკიაჟი სახეზე გეწუწება

გზაში შენთვის უსიამოვნო ადამიანს რომ შეხვდები

ტაქსს რომ გააჩერებ და უჟმური მძღოლი შეგხვდება

სამსახურში მოსული ოთახის გასაღებს რომ ვერ იპოვი

სადილად წამოღებული სალათი რომ ჩანთაში ჩაგექცევა

ასეთი დღისგან კარგს რას უნდა ელოდო?

6. და თქვენ რომელ საათზე იღვიძებთ, სერ?

30 May

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ბევრს არ უყვარს და ყოველ დილით ამაზე წუწუნებს: ადრე ადგომა ძალიან კარგია :)

ზოგადად, დილის ძილი ყველაზე სასიამოვოა. რა ჯობია, ნებივრად რომ გადაბრუნდები ერთი გვერდიდან მეორეზე და იცი, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ამდენი და ამდენი დრო გაქვს დარჩენილი. მეც ასე ვიყავი. სამსახურში ათ საათზე უნდა ვიყო, შესაბამისად, ცხრა საათზე რომ ავდგე და გამზადება დავიწყო, ამ პირობას უპრობლემოდ ვასრულებ. ბოლო პერიოდში კი უფრო ადრე დავიწყე ადგომა, შვიდ საათზე.

რვის ნახევრისთვის უკვე გამოფხიზლებული ვარ და სარბენად გავდივარ. ყურსასმენები, დილის სუფთა ჰაერი და წყნარი ქუჩები: დღე ამაზე უკეთ როგორ უნდა დაიწყოს. ხან სწრაფად დავდივარ, ხან დავრბივარ, როგორც შემიძლია. ნახევარი საათის მერე სახლში ვბრუნდები, წყალს ვივლებ და ცხრა საათისთვის უკვე გამზადებული ვარ.

სამსახურამდე ერთი საათია დარჩენილი. ყავას ვიდუღებ, წიგნს ვიღებ და მშვიდად ვსვამ. დილის სასიამოვნო რიტუალია. ნელ-ნელა მოდის ათის ნახევარი და მეც ნელ-ნელა გავდივარ სახლიდან, სრულიად გამოფხიზლებული, მშვიდი და კარგ გუნებაზე მყოფი.

ახლა, რა ხდება, თუ ცხრაზე ვიღვიძებ და ადრე არ ვდგები: როგორც წესი, ზუსტად ცხრა საათზე ვერ ვეშვები ძილს და ათის წუთებზე წამოვვარდები. ბარბაცით გავდივარ აბაზანაში და იქიდან უკვე კისრისტეხით ვბრუნდები ოთახში, რადგან მაგვიანდება და ვეღარაფერს ვერ ვასწრებ. საუზმეზე ლაპარაკიც ზედმეტია, შეიძლება ყავის მოდუღებაც ვერ მოვასწრო და ოფისში დავლიო ერთჯერადი მაკკოფე, რომელიც მძულს. ხასიათი-საშინელი, განწყობა-მძინარე, ორგანიზმი-მოდუნებული. ის საყვარელი დილის ძილი არ ღირს ამდენად, ჩემთვის.

და თქვენ რომელ საათზე დგებით, სერ?

 

What’s the story morning glory

25 Mar

გუშინ ვფიქრობდი, ყველა დღე ერთმანეთს რატომ ჰგავს-თქო. დღეს კი ქამელეონის პოსტი წავიკითხე და,დაე, დავითაგავ თავს და გეტყვით, როგორია ჩემი ერთი, ჩვეულებრივი დღე.

მაღვიძარა ცხრის ნახევარზე ირთვება. ო, როგორ მძულს! კიდევ უფრო მძულს ის, რომ ჩემს ტელეფონს სენსორული ეკრანი აქვს და ძილში თ სადმე მომიხვდა თითი ან ითიშება და გვიან მეღვიძება, ან ხმას უწევს და გიჟივით ყვირის, ან ვიბრაცია ერთვება და გულს მიხეთქავს და ა.შ.  მგონი ის დროა, ტრადიციული მაღვიძარის შეძენაზე ვფიქრობდე.

ასეა თუ ისე, ცხრას რომ თხუთმეტი აკლია, მაშინ ვდგები. ფაჯნარაში ხან ქარია, ხან მზე და  ხან წვიმა. ისე, რა მნიშნელობა აქვს, ყველა ვარიანტში უნდა მოვემზადო და სამსახურში წავიდე. იყო დრო სკოლაში წასასვლელად ვდგებოდი, მერე უნივერსიტეტში, ახლა სამსახურში. დილის პროცედურები ერთი და იგივეა.

ცხრა საათამდე ვიცვამ. ჩაცმას ორი წუთი უნდა, არჩევას 10. დრეს-კოდის გამო არ შემიძლია დახეული ჯინსებითა და კეტებით სიარული. ამიტომ, არჩევანს პერანგსა და კლასიკურ შარვალზე ვაკეთებ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვუხამებ. ამ უკანასკნელს ისე შევეჩვიე, რომ წინა შაბათს კეტებში ფეხი სერიოზულად მეტკინა. თმებს სადად ვივარცხნი და საათს და პატარა საყურეებს ვიკეთებ.

შემდეგ ვიდუღებ ყავას.

ბლოგზე არ მიხსენებია, მაგრამ უკვე მესამე კვირაა, რაც კალორიების დიეტაზე ვარ. ეს ჩემი რეკორდია. არცერთი დიეტა ხუთ დღეზე მეტი არ დამიცავს, ეს უკანასკნელი კი ძალიან მომწონს. მივირთმევ ყველაფერს, უბრალოდ, ვწონი და კალორიებს ვუთვლი. ამიტომ, დილით შემიძია თავს უფლება მივცე და ერთი ფინჯანი ყავა დავლიო. 50 კალორიად.

ყავის შემდეგ სადილს ვიმზადებ. მოგეხსენებათ, სამსახურში ჭამა ცოტა პრობლემურია. განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც ოფისის გარშემო ერთ მაღაზიას ვერ იშოვი წამლად. გატყუებთ, ერთი მარკეტი ნამდვილად არის, ოღონდ არასდროს არაფერი არ აქვთ. პაკეტის ყავაც კი. ხაჭოსა და რძის პროდუქტებზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ, საღამოს მეორე დღის საჭმელზე ზრუნვა მიწევს.

სადილად ხან ხაჭო  მაქვს, ხან მაკარონი, ხან სენდვიჩი, ხან სალათა, ხან 40 თეთრიანი სუპი. რაც მტავარია, ყველაფერი აწონილ-გაზომილია. მთავარია დღიურ 1200 კალორიას არ გადავცდე. ამ  ყველაფერს კონტეინერებში ვალაგებ და ჩანთაში ვდებ.

გასვლამდე კიდევ 20 წუთია დარჩენილი. დრო მაქვს და Dead to the world-ს ვკითხილობ. რა ვქნა, სანამ ივნისი მოვა და True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოვა, წიგნებით ვიქცევ თავს. თან, დამიჯერეთ, წიგნის ერიკი სუუუულ სხვაა ^_^

ათს რომ თხუთმეტი აკლია, სამსახურში მივდივარ. ველოდები ჩემს საყვარელ ყვითელ ავტობუსს (ვერ ვიტან), პატიოსნად ვიღებ ბილეთს და ათზე ოფისში ვარ. ათიდან შვიდამდე დროის შუალედი შეგვიძლია გამოვტოვოთ. ვმუშაობ და ეს სამუშაო ყოველდღე ერთნაირია. შუადღეს ამოვიღებ ჩემს კონტეინერს და გემრიელად მივირთმევ ჩემს უგემურ, გაციებულ სადილს.

ორშ/ოთხ/პარასკევს ლექციები მაქვს და სამსახურიდან მივდივარ. ათ საათამდე გათიშული ვდევარ და სახლში მოვბობღავ. ამ დღეებში ძალიან ვიღლები და ძალიან ბევრს ვწუწუნებ. თუ ლექციები არ მაქვს, მაშინ ჩემი BF მომაკითხავს და ვნახულობ. ამ შემთხვევაშიც მაგრად ვიღლები, მაგრამ სასიამოვნო დაღლა მაინცაა :)

როგორც წესი, სახლში 10-11 საათზე მოვდივარ. ვიმარაგებ ხილს და ვუყურებ How I met your mother-ს. რამდენიმე სერიას, ახალი ძალებით მავსებს. მერე, ამ ახალი ძალებით ვატრიალებ ჰულა-ჰუპს და ვიგლიჯავ მუცელს.

ბოლოს, ვწვები და ვიძინებ. სადღაც პირველ-ორ საათზე. ღამით ვნახულობ საშინელ სიზმრებს და რამდენჯერმე მეღვიძება. დილით კი ჩემი სენსორული მაღვიძარა ისევ რეკს და ყველაფერი თავიდან იწყება.

აბა, ვის გაქვთ ჩემნაირი ერთფეროვანი და მოსაწყენი დღე? :)

What do you think of a lovely Sunday?

27 Feb

არ ვიცი რისი ბრალია-ასაკის, სტრესის თუ ამინდების, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა შაბათ-კვირას ყველაზე გემრიელად სახლში ვატარებ. ორ საათამდე ძილი, ხალათით ბოდიალი, ფილმების ყურება, კითხვა, ისევ ძილი და ისევ ფილმები-ასე გამოიყურება ჩემი ვიკენდი. მოსაწყენად ჟღერს, არა? მაგრამ ჩემი ყველაზე ქლაბერი თანამშრომლებიც იგივეს ამბობენ: სრული სამუშაო დღეების შემდეგ პენსიონერული დასვენების გარდა არაფერი არ უნდათ.  მე კი სამსახურის გარდა კურსებზე და შეყვარებულთან ერთადაც დავდივარ, ამიტომ, სახლში 11 საათამდე მაინც ვერ შემოვდივარ და მერე ეგრევე ლოგინში მივძვრები. არ მრჩება იმის დრო, რომ ოთახი მივალაგო, ტანსაცმელი გადავარჩიო, დედაჩემთან ვიურთიერთო და, უბრალოდ, სახლში ვიყო!

ამიტომ, ძალიან შემიყვარდა შაბათ-კვირა. უფრო მეტად, ვიდრე სკოლაში ან უნივერსიტეტში მიყვარდა. ორი ძვირფასი, საყვარელი დღე (შაბათი უფრო). შაბათს შეგიძლია წვრილ-წვრილი საქმეები მოითავო (მაღაზიებში გახვიდე, გადასახადები გადაიხადო, წარბები გაიკეთო ან თმა შეიჭრა), კვირას კი ი უ ს ა ქ მ უ რ ო <3

დღეს კვირაა. პირველ საათზე გავიღვიძე.  მივირთვი ყველიანი პილმენები, პამიდორში შემწვარი კვერცხი, რამდენიმე ფორთოხალი, ქათმის სალათი და შოკოლადი. დავლიე შინდის წვენის რამდენიმე ჭიქა და რძიანი ყავა. დავწერე ორი პოსტი. ვუყურე აგლი ბეტის ოთხ სერიას. წავიკითხე Living dead in Dallas-ის ორი თავი. დავათვალიერე ინტერნეტ-მაღაზიები. დავახარისხე ფურცლები და დიპლომი კედელზე გავაკარი.  ახლა აბაზანაში შევალ და ცხელ წყალში იქამდე ვიწვები, სანამ არ გაცივდება და არ ჩამეძინება. გამოვალ, ხვალისთვის ჩასაცმელ ტანსაცმელს გადმოვალაგებ და დავიძინებ.

ხვალიდან კი მომდევნო შაბათ-კვირას დაველოდები : )

p.s. როდის მოვა მზე და გაზაფხული  : (

დილის ფოტო #5

11 Feb

სამსახური, კომპიუტერი, სიწყნარე და ფინჯანი ყავა

როგორ მიყვარს ეს ყველაფერი : )

დღის ფოტო №1

8 Jan

დღის ფოტო!
გემრიელი, ცხელი, ენერგიული, პიკანტური!
აი, ასეთი ყავა მიყვარს მე.

ბოლო ზარი

21 May

ღამის პირველი საათია. თუ დილის? სველი თავით ვზივარ, რძიან ყავას ვსვამ და შოპენის ვალსს ვუსმენ. მოკლედ, იდეალური დროა პოსტისთვის.

თემა, რაზეც ახლა მინდა ვისაუბრო, სულაც არ ეხება  შოპენსა და  ყავას. მე ჩემს კლასზე მინდა მოგითხროთ. ადამიანებზე, რომლებთანაც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილად არასოდეს ქცეულან.

დავამთავრე თბილისის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლა.  აი, ისეთი, თქმის რომ არ შეგრცხვება და თან გულში  მის არარაობაზე გეცინება. მოკლედ, ამ სკოლაში თერთმეტი წელი ვისწავლე და ხშირად მინატრია სხვაგან გადასვლა.

არა, ჩემი კლასელები ძალიანაც მიყვარდა. რამდენიმესთან ახლაც მაქვს ურთიერთობა და ძველ ფოტოსურათებსაც სიამოვნებით ვათვალიერებ. მაგრამ, ხომ გაგიგიათ, აწმყო წარსულის მხოლოდ კარგ მოგონებებს ინახავსო?

ახლა ბოლო ზარის დღეებია. ვათვალიერებ უცნობი ადამიანების ფოტოებს, სადაც გახარებულები და ბედნიერები სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ.  სკოლიდანვე მიდიან სადმე საქეიფოდ, ექსკურსიებზე, აწყობენ  ბანკეტებს და რომელიმესთან სახლში მეორე დღესაც აგრძელებენ, .

ჩვენ?

არც ვიქეიფეთ, არც ექსკურსიაზე წავედით. წავაწერეთ ერთმანეთს რაღაცები და მორჩა, დავიშალეთ. ბანკეტი გვქონდა, ნამდვილად. ოღონდ, ჩხუბი ატყდა და სამი საათისთვის უკვე სახლებში ვიყავით. მეორე დღეს გაგრძელება? ასეთი რამ თავში არავის მოგვსვლია.

ხანდახან ვფიქრობ, რომ უფრო უბრალო და “რიგით” სკოლაში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. კი, იქაც გაერეოდნენ  ამრევები და ცხვრჩამოშვებული ადამიანები, მაგრამ ეს უკიდეგანო სიდერზკე (ეს სიტყვა ლექსიკონშია შესატანი) არ ექნებოდათ.

პ.ს. ჩემი წინსაფარი გადმოვიღე.  უამრავი წარწერაა, ძირითადად–სახელები. ასეა. ჩემმა კლასელებმა სახელები დამიტოვეს, შეგრძნებები და სურვილები–არა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.