მსოფლიო შვიდ კონტინენტად იყოფა,კონტინენტები ქვეყნებად, ქვეყნები ქალაქებად, სოფლებად, დაბებად, ქუჩებად… რეალურად კი მსოფლიო ორად იყოფა: განვითარებულ დასავლეთად და განვითარებად დანარჩენ სამყაროდ.
ჩვენ, სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში ვართ.
ქართველებს გვახასიათებს დასავლეთის იდეალურად დახატვა და იქაურ ყოფაზე ოცნება. რა დასამალია, საოცნებო მართლაც ბევრია და მეც ხშირად მინატრია მსოფლიოს მეორე მხარისთვის დამახასიათებელი ესა თუ ის თვისება.
ვაღიარებ, არასდროს მიცხოვრია უცხოეთში და, შეიძლება, მცადრი შეხედულებები მაქვს, მაგრამ ერთი რამის ნამდვილად მშურს: სამოქალაქო საზოგადოების, განვითარებული ადამიანების და ცნობიერების.
დავიწყოთ უმარტივესიდან: კანონის პატივისცემიდან.
ქართველებს ტვინი სხვანაირად გვაქვს მოწყობილი. ყოველთვის იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ დავარღვიოთ ესა თუ ის წესი და რა შემოვლითი გზა მოვძებნოთ. გერმანელებიც ასე არიან? არა მგონია. ჩვენ კი ოღონდ რაიმე ლევად, უკანონოდ გამოგვივიდეს და მეტი არაფერი არ გვინდა.
თქვენ გგონიათ რაიმე სერიოზულ კანონდარღვევაზე ვსაუბრობ? არა, უმარტივესზე. მაგალითად, გზის გადაკვეთაზე. ხანდახან ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც მწვანე შუქს უცდის ან წითელ, მაგრამ ცარიელ გადასასვლელზე მაინც არ გადადის.
ან, თუნდაც, ავტობუსები. შავით თეთრზე წერია: ამოსვლისთანავე გადაიხადეთ მგზავრობის საფასური. 90% მაინც არ იხდის. არც ამოსვლისას და არც ჩასვლისას. ნახევარი ავტობუსი მაშინ იღებს ბილეთს, როდესაც კონტროლიორი ამოდის. რატომ უნდა გატაროს სახელმწიფომ უფასოდ?
ან იღებ დაგროვების ბარათს, სადაც საჭიროა პირადობის მოწმობის წარდგენა. თუკი ეს უკანასკნელი თან არ გაგაჩნია, არ შეიძლება მოგვიანებით მოხვიდე? არა, უნდა დარეკო სადმე, უნდა მოიტანო სხვისი პირადობა და მერე ოპერატორს ევედრო, რომ შენ გამო წესები დაარღვიოს.
“ლევად” გამოყვანილ შუქსა და გაზზე არაფერს ვამბობ. პარადოქსია, მაგრამ იპარავს ის, ვისაც გადსახადების გადახდის თავი რეალურად აქვს.
მოკლედ, პოსტის არსი რაშია: არ გადაკვეთოთ გზა მაშინ, როცა წითელი ანთია; გადაიხადეთ მგზავრობის ფული; პატივი ეცით სხვადასხვა წესდებას და არ დამალოთ გადასახადები. იყავით ისეთები, როგორი ქვეყანაც გვინდა, რომ გვქონდეს. ამოვიგოდთ თავიდან შემოვლითი გზები და ყველაფერი არაკანონიერი.
მე თუ გამომდის, შენ რატომ არ გამოგივა?
Another brick in the wall
10 Mayვართ თუ არა ტოლერანტულები?
28 Marწინა დღეს ლექციაზე კამათი ატყდა:
ვართ თუ არა ქართველები ტოლერანტულები?
მე ვთვლი, რომ არა. ჩემი ჯგუფელი თვლის, რომ კი.
ისე, ეს მარტო სალექციო თემა არ არის. ბევრგან შევსწრებივარ ასეთ გარჩევას და, საბოლოოდ, მაინც არ არის გარკვეული ჩვენი შემწყნარებლობა/არშემწყნარებლობის საკითხი.
უცხო ენათა ლექსიკონში “ტოლერანტობა” ასეა განმარტებული: მომთმენი, შემწყნარებელი. სხვისი აზრებისა და რწმენის შემწყნარებლობა.
საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც განსხვავებული აღმსარებლობა, ტრადიციები, რასა თუ სექსუალური ორიენტაცია აქვთ. ერთია, რომ ცხოვრობენ. მეორეა-როგორ. სხვა რელიგიის მქონე ადამიანებს დღეს ქუჩაში ქვებს არავინ უშენს, მაგრამ ნუთუ არავის გვინახავს გაწიწმატებული მართლმადიდებელი, რომელიც სხვა რელიგიის ადამიანს (უხეშად რომ ვთქვათ) ჯვარს ურტყამს თავში? არ შევსწრებივართ რელიგიური ნიშნის მიხედვით დევნას? ფაქტია, რომ ქართველები სხვის რწმენას პატივს არ ვცემთ. არც რწმენის უქონლობას. პირდაპირ მოვალეობად მივიჩნევთ ვიქადაგოთ ჩვენი რელიგია და ამ დროს ჩვენვე ვარღვევთ მის უმთავრეს მცნებას-თავისუფალი არჩევანის უფლებას.
რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, აქ საქმე უფრო რთულადაა. პირადად მე არ გამოვდივარ არც მხარდამჭერად და არც დამგმობად. ვთვლი, რომ ნეიტრალიტეტი მიჭირავს და სხვისი ჰომოსექსუალობა მე არ მეხება. მაგრამ ნეტავ რამდენი ნაცემ/ნაბეგვ/ნადევნი ჰომოსექსუალისტი ახსოვს საქართველოს? რამდენჯერ დარღვეულა მათი უფლებები? მე, მაგალითად, არც მათ ქორწინებას ვუჭერ მხარს და არც ჰომოსექსუალი წყვილების ხილვა მიხარია, მაგრამ ჩემს პირდაპირ მოწოდებად მათ დევნას და ალაგმვას არ მივიჩნევ. ყველას აქვს თავისი ცხოვრება და არჩევანის თავისუფლება-მორჩა. მესმის იმ ოჯახების, სადაც ჰომოსექსუალიზმი პრობლემად დგას, მაგრამ არ მესმის ახალგაზრდა ბიჭების, რომელიც მთელი დღე ქუჩაში დგანან და ხშირად წიხლქვეშ ჰყავთ გაგდებული “ცისფერი” .
ისე, ფროიდის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით იმ ადამიანებს, რომლებიც ასე მძაფრად რეაგირებენ ჰომოსექსულიასტებზე, ქვეცნობიერში თავადაც აქვთ ასეთი გადახრები. რომელი მათგანი აღიარებს ამას? არცერთი. მაგრამ ქვეცნობიერი იმიტომაა ქვეცნობიერი, რომ ვერ გრძნობ და ვერ იაზრებ. დავეთანხმო ძია ზიგმუნდს?
რასა? რომელი მშობელი შეეგუება ადვილად ოჯახში შავკანიანის ან წვრილთვალება ადამიანის შემოსვლას? ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანებს ამის გამო ერთმანეთი დაუკარგავთ.
სულაც რომ დავანებოთ თავი სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებს, ქართველებს ერთმანეთიც ვერ აგვიტანია. არ გაგიგიათ მეგრელების და ქართველების ცალ-ცალკე დაყოფა? თავის მართლება, რომ “მეგრელი კი ვარ მაგრამ ისეთი არ ვარ, სხვანაირი ვარ“?
და ამის მერე ჩვენს ტოლერანტობაზე ვსაუბრობთ. არ ვართ, ბატონებო, ტოლერანტი ერი და რა ვქნათ? ჩემმა ჯგუფელმა ამ არგუმენტების სანაცვლოდ მითხრა, რომ შეიძლება რაღაცაში ვიყოთ შემწყნარებლები, რაღაცაში კი-არა. აი ის, თუ რაში ვართ ტოლერანტები, ვერ მითხრა.
რაში ვართ?
City Centre
4 Marთბილისი საქართველოს გულია. ყველანაირი გაგებით. აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და გულსართის ნაცვლად უკვე აჯაფსანდალს ჰგავს. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქართული სოფლები საშინლად დაიცალა. სტატისტიკა შემაშფოთებელია (აქ ვერ მომყავს სტატისტიკა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემაშფოთებელია). ყველა თბილისში მოდის: სასწავლებლად, სამუშაოდ, გასართობად, ახალი ცხოვრების დასაწყებად და ძველის დასავიწყებლად. გაიტენა თბილისი, გაიბერა და მალე გასკდება.
ცუდად არ გამიგოთ. ეს პოსტი ჩამოსულებს არ ეძღვნება. “კარენოი” თბილისელობა და ზემელზე კოლორიტობა მეოცე საუკუნემ წაიღო. უბრალოდ, ძალიან ცუდია, რომ თბილისის გარდა საქართველოში თითქმის არსად არაფერი არ ხდება. წინა დღეს ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი, რომელიც სამედიცინოზე სწავლობს. თურმე მისი ერთ-ერთი გორელი კურსელი სამომავლოდ გორში ცხოვრებას და იქაურ ჰოსპიტალში მუშაობას აპირებს. კიდევ ერთი თურმე: გორის ჰოსპიტალი იმდენად კეთილმოწყობილი ყოფილა, რომ თავადაც არ იტყოდა იქ მოღვაწეობაზე უარს.
თქვენი არ ვიცი და მე ძალიან გამიხარდა. რა ბედნიერებაა, როცა საქართველოს რომელიმე ქალაქს აქვს ისეთი დაწსებულება, რომელიც არათუ ჩამოუვარდება თბილისისას, არამედ ასწრებს კიდეც! მომავალი ექიმების ნაწილი ახლა გორში იმუშავებს და ყველა ბედნიერი იქნება ( მადლობა ავტობანს). წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონებს ჰქონდეთ ტელევიზიები, რესპექტაბელური გაზეთები, ძლიერი ტურისტული ცენტრები, სხვადასხვა ბიუროები და კავკასიაში საუკეთესო უნივერსიტეტები! თბილისიდან ქუთაისში სამუშაოდ წასვლა ნორმალური რომ იყოს და იქ უფრო მეტი პერსპექტივები რომ არსებობდეს!
ბათუმი, გორი… არის ცვლილებები, რა თქმა უნდა. მე კი ფანტასტიკის უმაღლეს სფეროში გადავიჭერი. არადა რა კარგი იქნებოდა. მოგვარდებოდა უმუშევრობა, შემცირდებოდა ურბანიზაცია, გაიზრდებოდა ცხოვრების დონე და ასე… მართლაც რომ ფანტასტიკის სფეროა, ჯერჯერობით მაინც. 






