Tag Archives: ჟურნალისტიკა

სტერილურობის პრობლემა და დასაბალანსებელი სიუჟეტები

3 Dec

უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით დავამთავრე.  სტუდენტობის დროს გაზეთშიც ვწერდი, ტელევიზიასა და რადიოშიც ვცადე ბედი. მერე ვიფიქრე, რომ ჩემგან კარგი ჟურნალისტი ვერ დადგებოდა და ამ სფეროს საერთოდ შევეშვი. ახლა სხვა ფაკულტეტზე ვაგრძელებ სწავლას და რადიკალურად განსხვავებული გეგმები მაქვს, მაგრამ როდესაც ტელევიზორს ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ თავის დროზე ტყუილად დავაკნინე საკუთარი ჟურნალისტური მონაცემები.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ნოდარ მელაძის გადაცემის კრიტიკა უკვე ყელში მაქვს ამოსული. ყველა, ვისაც წერა და ლაპარაკი არ ეზარება, სასტიკად ასწორებს მიწასთან და, რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეული მათგანი მართალია. გუშინ ჩემთვის საკმაოდ საინტერესო თემა ჰქონდათ: შიდსისა და ჰეპატიტის გავრცელების გზები, სანიტარული მდგომარეობა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში. 

მელაძემ გამოაცხადა, რომ ვნახავდით დღევანდელი სანიტარული სიტუაციების ამსახველ სიუჟეტებს და მეც მოხერხებულად მოვეწყე სავარძელში. შედეგად, ვნახე სიუჟეტები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პირველი მათგანი  სტომატოლოგიურ კლინიკებს ეძღვნებოდა. ჟურნალისტს გადაღებული ჰქონდა ორად-ორი კლინიკა, თბილისის გარეუბნებში. იცით როგორი? აი, საღად მოაზროვნე და საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანი რომ არაფრის დიდებით არ შევა. ბნელი, ჭუჭყიანი ოთახები, ძველისძველი ტექნიკა, ფარდით გაყოფილი განყოფილებები და ა .შ.

გასაგებია, რომ კარგი კლინიკა შესაბამისი აპარატურით საკმაოდ ძვირი ღირს და ერთი კბილის დაპლომბვაც კი სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, იქ  რაღაცების მოკლება, გაჭირვება და უსაფრთხო მკურნალობა უკვე ღირს. კარგი, დავანებოთ თავი ამ ძვირიან კლინიკებს. ხომ არსებობს საშუალოც?  რატომ არ უნდა გადაიღოს ჟურნალისტმა თავის სიუჟეტში სხვადასხვა დონის კლინიკა?  გადაცემის თემა სტერილურობა იყო და სასტერილიზაციო აპარატიც კი არ უჩვენებიათ. თუკი მე, როგორც პაციენტი, უნდა დავინტერესდე პირობებით და გადავამოწმო, თუ სად ასტერილებენ ხელსაწყოებს და ა.შ., ხომ უნდა ვიცოდე, რას ვითხოვ და რა როგორ უნდა იყოს? არანაირი ბალანსი. პირიქით, სიტუაციის მუქად და შავბნელად გამოყვანის მცდელობა. როდესაც სადღაც მიწურში მიდიხართ კბილის დასაპლომბად, იქიდან ცუდად ნამკურნალები კბილით კი არა, მართლა შიდსით და ჰეპატიტით დაავადებული შეიძლება გამოხვიდეთ.

მეორე კიდევ უფრო მაგარი სიუჟეტი-სილამაზის სალონებზე. და სად იყო ეს ყველაფერი გადაღებული? გადასასვლელ ხიდზე. ერთი ციცქნა ოთახები, სადაც წყალიც კი არ მოდის. ფაქტი საშინელია, მაგრამ კიდევ უარესია სიუჟეტში დასმული შეკითხვა: რატომ არ ასტერილებთ თმის საკრეჭ მაკრატლებს? შიდსი თმაზე შეხებით, რამდენადაც მე ვიცი, არ გადადის. იმის შანსი კი, რომ სტილისტმა ინფიცირებულ ადამიანს ყური მოაჭრა და მერე იგივე მაკრატლით ჩემს ყურებს მიადგა, საკმაოდ მცირეა. არ უარვყოფ, რომ არის. არც იმას უარვყოფ, რომ მაკრატლების არასტერილურობა პრობლემა არაა. მაგრამ, როდესაც ამ თემაზე აკეთებ სიუჟეტს, თითიდან გამოწოვილი მაგალითი კი არა, რეალური საფრთხეები უნდა დააყენო: მანიკიური და პედიკიური (არ ყოფილა ნაჩვენები კადრები, თუ როგორ უნდა სტერილურდებოდეს ინსტრუმენტები), ტატუირება… ეს უკანასკნელი დამსწრემაც აღნიშნა. ტატუირების იგნორირება ინფიცირებაზე გადაცემის მომზადების დროს, სულ მცირე, არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს (პრინციპში, გადაცემისთვის ბოლომდე არ მიყურებია. თუკი ტატუირებაზე რაიმე იყო ნათქვამი და მე გამომრჩა, ბოდიში. თუ არადა, წინა შენიშვნა ძალაში რჩება).

სამაგიეროდ, მელაძის გადაცემებს შორის ეს ყველაზე საინტერესო თემატიკით გამოირჩეოდა. ნამდვილად უნდა მიექცეს ამ პრობლემას სათანადო ყურადღება და მოსახლეობაშიც უნდა გატარდეს კამპანია, რომელიც მათ საჭირო ანალიზების ხშირ-ხშირად გაკეთებისკენ მოუწოდებს. ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაურად ჟღერს, როდესაც შიდსზე სინჯის ასაღებად მიდიხარ. მეორე მხრივ, თუკი მსოფლიოში უამრავი ადამიანია ინფიცირებული, რატომ არ არსებობს იმის შანსი, რომ ეს შენც დაგემართოს?

სტომატოლოგთან ყველა დავდივართ. ასევე ყველა ვსტუმრობთ სილამაზის სალონებს. დაწესებულებების ფრთხილად არჩევა და საკუთარი ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი-აი, რა არის გამოსავალი ამ კონკრეტულ სიტუაციაში.

 

 

 

არ მოგწონს? გადართე!

19 Mar

საბჭოთა პერიოდში მაყურებლები ჟურნალისტებს რედაქციაში წერილებს სწერდნენ. არ ვიცი, რას ითხოვდნენ ისინი: ახალ თემებს, ხარისხიან გადაცემებსა და სტატიებს, თუ, უბრალოდ, თავიანთ თანადგომას და სიყვარულს გამოხატავდნენ.

არც ის ვიცი, რა პასუხს იღებდნენ. იღებდნენ კი საერთოდ? იმ დროს ხომ კომუნიკაცია, შედარებით, ცალმხრივი იყო და ჟურნალისტს არ ჰქონდა იმის დრო და საშუალება, რომ ამ წერილებზე რეაგირება სათითაოდ მოეხდინა.

ახლა კი ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია. წამყვანი კრეფს ფეისბუქის ან ფორუმის მისამართს, შედის თავისი გადაცემის გვერდზე და სამართიან თუ უსამართლო კრიტიკას გაბუსხული პასუხობს: “არ მოგწონთ? გადართეთ!”

როგორია? გადასარევი!

იგივე ტაქტიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებში. მაგალითად, უნივერსიტეტში.

  • ლექტორი გვიწუნებს ნაშრომს და გარკვეული კორექტივები შეაქვს მასში. ჩვენ ვღშფოთდებით და პირში ვახლით: “არ მოგწონთ? სხვა ნაშრომი წაიკითხეთ!” ან “უკეთესი თავად დაწერეთ!”
  • ვატარებთ მანქანას. გვერდით გვიზის ადამიანი, რომელიც შენიშვნას გვაძლევს, რომ უყურადღებოდ დავდიართ და, აგერ, უკვე  მერამდენე საავარიო სიტუაცია შევქმენით. ჩვენ ვხტებით მანქანიდან და ვღრიალებთ:”არ მოგწონს? უკეთ შენ ატარე, ან სხვა მანქანაში გადაჯექი!”
  • ვაცხობთ ჩვენს საყვარელ ნამცხვარს, რომელსაც მუდმივად სიტკბო აკლია. გამოცდილი დიასახლისის რჩევას, რომ აწი მეტი შაქარი ვუყოთ, ნამცხვრის დახეთქებით ვპასუხობთ: “არ მოგწონს? სულ ნუ გასინჯავ!”
  • მშობლეთა კრებაზე პედაგოგის შენიშვნებს ჩვენს შვილთან დაკავშირებით აგდებულად ვპასუხობთ: “არ მოგწონთ? უკეთესები თქვენსკენ ეძებეთ!” ვხვევთ ხელს პირმშოს და უზრდელი შვილი ამაყად მიგვყავს სახლში.

მოკლედ, გვძულს და გვეზიზღება კრიტიკა. იმაზე ფიქრითაც კი არ ვიწუხებთ თავს, სამართლიანია თუ არა იგი. შეგვეწინააღმდეგენ? სხვა გზით წავიდნენ!

მე კი, როგორც ჟურნალისტს, სულ სხვა რამ მასწავლეს. იგივეს ასწავლიან მარკეტოლოგებსაც, თუ არ ვცდები: თითო დაკარგული მაყურებელი (უკმაყოფილო კლიენტი) ათ სხვა დაკარგულ მაყურებელს (უკმაყოფილო კლიენტს) უდრის. გადაცემები ხომ იმისთვის მზადდება, რომ მათ ხალხმა უყუროს. ჟურნალისტები ხომ იმისთვის შრომობენ, რომ ისინი ხალხს უყვარდეს და თავისიანად თვლიდნენ. არხი ხომ იმისთვის არსებობს, რომ რეიტინგული იყოს და მაყურებლები მისი ლოგოს დანახვაზე გადასართველად პულტს არ ეძებდნენ.

მაშინ, რატომ ხდება ყველაფერი პირიქით? რატომ ეშლებათ ჟურნალისტებს ნერვები უმცირეს კრიტიკაზეც კი და ეგრევე სხვა არხის ყურებისკენ რატომ მოგვიწოდებენ?

მე, პირადად, რამდენიმე მათგანის რჩევა დიდი ხანია, რაც გავითვალისწინე და, ვინაიდან, გადასართველი არხი ფიზიკურად აღარ დამრჩა, ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებ.

იძებნება სამსახური

28 Sep

რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთი ბანკის მიერ გამოცხადებულ ტესტირებაზე ვიყავი. ცოტა არ იყოს და, ვინაგლე–უმუშევრობის პიკში ორი სამსახური მომინდა! შესაძლებლობა იყოს და სამსაც ავიტან, მაგრამ სადაა? მოკლედ, ამაზე მერე.  ამ გრძელ მონოლოგს ის რიგი გვაშორებს, რომელიც ბანკის კართან დამხვდა. ორმოცამდე ახალგაზრდა მორჩილად იდგა და თავის რიგს უცდიდა. ვინ აღარ შემხვდა აქ: ჯგუფელები (“აბა ჟურნალისტიკაში არაფერია და იქნებ აქ გამოგვივიდეს”) , ყოფილი კოლეგები, “დუბლიორის”  ძველი მონაწილე (“ჩემს რადიოში ახალი უფროსი მოვიდა და ძველები ყველა გამოგვიშვეს”), კლასელის და (“წინა წელს შემცირებაში მოვყევი და იქნებ ახლა მიმიღონ”) და  ა.შ.

ვაკანსია უმნიშვნელო იყო, ყველანაირ პრივილეგიებსა და წოდებებს მოკლებული.  და უცებ ძალიან შემეშინდა. სად უნდა წაიღს, რა უნდა უყოს ქვეყანამ ამდენ უმუშევარ ადამიანს?  სად ჯანდაბიდან ამოთხარონ  ახალგაზრდებმა სამუშაო ადგილები? სად უნდა გაყიდონ ის ცოდნა, რომლის ყიდვაც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ თანხებთან არის  კავშირში?

By the way, თანხების შესახებ: დღეს მაკდონალდსში ჩემი კლასელი შემხვდა, კავკასიის ბიზნეს სკოლა დაამთავრა და უმუშევარი დახეტიალობს. წარმოგიდგენიათ რამდენი ათასი ლარი აქვს ჩაყრილი? და რაში? ა ლა სი ეს ბი?

შემცირება ქართველისთვის ყველაზე საზარელ სიტყვად იქცა.  გაიგებ “კადრების შემცირებას” და გრძნობ, როგორ გეყინება სისხლი ძარღვებში და როგორ დგება თმა ყალყზე.  წინა წლებთან შედარებით, ეს ფრაზა გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო: სტატისტიკის დეპარტამენტის  მონაცემებით, რიცხვი იზრდება. ეს რაც წერია. რაც არა?

ტესტირებაზე ერთად შეგვიყვანეს. ყველა ნერვიულად წერდა. დრო მცირე იყო, მაგალითები ბევრი. მალე მოვრჩი და სხვებს დავუწყე თვალიერება: სამკვდრო–სასიცოცხლო სახეებით იყვანდნენ ამოცანებს.

მე უფრო მაღალი ქულა მივიღე, ვიდრე ჩემმა დუბლიორელმა. მე დამირეკეს, მას–არა.

გასაურებაზე აღარ მივედი. მე ერთიც მეყოფა. უმუშევართა არმიას მინუს ხუთი ადამიანი. ჩვენს პირობებში  მშვენიალურია!

writing

22 Nov

წერა ბავშობიდან მიყვარდა. სულ რაღაცას ვწერდი. თითქმის ყოველ წელს ახალი დღიური მქონდა, ე.წ. მეგობრობის დღიურს კი წელიწადში ორჯერ ვიცვლიდი :) ) თან სასტიკად ვაიძულებდი ყველას შეევსოთ. რამდენი მარგალიტი მაქვს დაგროვილი :)
დღიურების გარდა მოთხრობებს ვწერდი, ნაწარმოებებს:)) თან ნინოსთან ერთად. ჩვენი ერთობლივი ფანტაზია სასწაულებს ახდენდა და “ჰოლივუდ ბულვარი” ნინოს ახლაც შენახული აქვს მგონი :) )
“ჰოლივუდ ბულვარის” გარდა დაწერილი მაქვს პიესა “თავზეხელაღებულთა ხუთეული”, რომელიც ანუკის ძალიან მოწონდა და, ეჭვი მაქვს, დღესაც არ იტყვის უარს გადაკითხვაზე.
წლებთან ერთად ჩემი მხატვრული ლიტერატურით გატაცება მინელდა და, ძირითადად, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საგნების წერაზე გადავედი. მაგალითად, ზემოთ ხსენებულ ანუკისთან ერთი წლის განმავლობაში სერიოზული მიმოწერა მქონდა გაჩაღებული. არადა, თვითონ ვაჟაზე ცხოვრობს, მე ვაკეში და სრულიად გაუგებარი ხდება რატომ გადავწყვიტეთ მიმოწერა :) ) უბრალოდ, დედაჩემი მაშინ ვაჟაზე მუშაობდა და ჩვენი ფოსტალიონის როლს ასრულებდა :) ) ეს ყველაფერი მეშვიდე კლასში ხდება, ცუდი არაფერი იფიქროთ ჩემს მენტალობაზე (ანუკისაზე ხო საერთოდ, ორი წლით დიდია ჩემზე :) ). ვერ წარმოიდგენთ, რა ღადაობაა ძველი წერილების წაკითხვა. გული მწყდება, მეტი რომ არ დავწერეთ :(
მერე გავიდა დრო, ჩავაბარე ჟურნალისტიკურზე და, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნელ-ნელა მოვუკელი წერას. ჰოლივუდებზე და წერილებზე არ მაქვს ლაპარაკი, დღიურებსაც აღარ ვწერ. არადა, ჩემი დღიურები ყველაზე ძვირფასია, რაც გამაჩნია. მთელი ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება მაქვს აღწერილი, ყველა ის მოვლენა, რამაც ჩემს ფსიქიკაზე კვალი დატოვა და დამამახსოვრდა.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წერა მეზარება, არის ის, რომ წერა მეზარება! ანუ მეზარება კალმის (პასტის) ხელში აღება და წერა. მე ვორდის თაობის წარმომადგენელი ვარ და გაცილებით უკეთ ვბეჭდავ, ვიდრე ვწერ. ბლოგი ვერ დავამუღამე: ის თემები, რისი აღწერაც მინდება ხოლმე, სულაც არ არის განკუთვნილი ფართო აუდიტორიისთვის. ამიტომ ვწერ ასე იშვიათად. უფრო ხშირად დღიურთან დაბრუნება მინდება, მაგრამ როცა წარმოვიდგენ, როგორ უნდა მომტყდეს თითი წერით, “გადამინდება” ხოლმე.
ნათურა აინთო!!!
ვორდში ავკრეფ ჩემს “სადღიურე მასალას”, ამოვბეჭდავ ლამაზ ფურცელზე და შევინახავ :) უკვე წარმომიდგენია, რამდენს დავწერ :)
ეს კი ჩემი დღიურებია, არასრული შემადგენლობით, რამდენიმე დავამატე ამ ფოტოს გადაღების მერე :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.