Tag Archives: მაღლივი

ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

26 Sep

არ მინდოდა ამაზე მანამ დამეწერა, სანამ ზუსტი პასუხი არ მეცოდინებოდა.
ადრეც მიხსენებია ეს თემა, ერთ-ერთ ბოლო პოსტშიც ვწუწუნებდი ამ პრობლემაზე.
მოკლედ, წარმატებით გავიარე სამაგისტრო გამოცდები და სტუდენტი გავხდი, ისევ.
ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ორგანიზაციის განვითარებასა და კონსულტირებაზე”.

 თსუ  2010 წელს დავამთავრე. სამწუხაროდ, არ მოვხვდი იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში, რომლებმაც 16 წლის ასაკში სწორად აირჩიეს პროფესია. ჩემგან ურიგო ჟურნალისტი არ გამოსულა, მაგრამ ჩავთვალე, რომ სხვა სფეროში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემეძლო. რა სფეროში? ეს მაშინ არ ვიცოდი. გამრჩეულად არაფერი მაინტერესებდა, საკუთარ თავს ვერსად ვერ ვხედავდი და ა.შ.

შესაბამისად, მაგისტრატურაში საერთოდ არ ჩავაბარე. შეშფოთდა ოჯახი. მე კიდე მოკლედ ავუხსენი, რომ ეს წელი მხოლოდ ვიმუშავებდი და თუკი რაიმეს მოვიფიქრებდი, სად გაიქცეოდა უნივერსიტეტი და სწავლა? მომავალში ვცდიდი. მათაც გამიგეს და ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამთ.

წელს მომინდა ჩაბარება. ერთხელაც, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე “ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება”. ამასობაში, ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებაც დაგროვილი მქონდა და ეს ახალი ( ნუ, ჩვენთან ) სფერო ძალიანაც მაინტერესებდა.

  • საბუთები შევიტანე;
  • გამოვიყენე უნარების შარშანდელი ქულა;
  • გამოცდაზე გავედი (მაღლივი, დილა, სიცივე, უამრავი ხალხი, ჩანთების დატოვება, ნომრის რიგში დგომა, დამკვირვებლების აქეთ-იქით სიარული და ა.შ);
  • დაველოდე 23 სექტემბერს და ჩარიცხულთა სიებში ჩემი სახელი და გვარი აღმოვაჩინე : )

ძალიან გამიხარდა.

სწავლა 10 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე გვეწყება :) ძალიან მაინტერესებს ჩემი 13 ჯგუფელი, რომლებიც ფეისბუქზე უკვე დავძებნე :)

Tsu, here I come again!

ხარისხი

5 Aug

რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ხნიერი, ჭაღარა და ტანდაბალი კაცი ჩემს საზაფხულო კოშმარად იქცეოდა?

როგორ დავუშვებდი, რომ ცხოვრებაში პირველად ერთ–ერთი მარტივი და საინტერესო საგანი ჩამივარდებოდა?

როგორ ვიფიქრებდი, რომ მაღლივის გახურებული შენობა ჯოჯოხეთად მომევლინებოდა და ცხელ ოფლში დამწვავდა?

დიახ, ეს ის არის, რაც თქვენ იფიქრეთ: საგანი ჩამივარდა. ბოლო კურსის ბოლო სემესტრში. ალტერნატივები: ან წიგნებზე (სადაა წიგნები და კარგი ცხოვრება, ქსეროქსებზე) თავის რტყმა, ან ვერაღებული დიპლომი და მეცხრე სემესტრი.

Yes, I can!

მომილოცეთ, ბაკალავრი ვარ : )

გამოცდები მაღლივში-to be or not to be?

8 Feb

რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში ახალი რეფორმა გაატარეს: გარკვეულ საგნებში გამოცდები მაღლივში დაინიშნა. ამბობენ, რომ საბოლოოდ ყველა გამოცდა მაღლივში ჩატარდება.
ამ ყველაფერს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. დავიწყოთ პლიუსებით, რადგან ძალიან ცოტაა და მალე მოვრჩებით :D
პირველ რიგში, მოიმატა სწავლის დონემ. მაღლივში გადაწერა, თითქმის, შეუძლებელია, რადგან გატოვებინებენ ჩანთას, კონსპექტებს, მობილურს, კალკულატორს და რავიცი, ყველაფერს. მაგიდაზე უნდა იდოს მარტო პირადობა, სტუდბილეთი და კალამი, მეტი არაფერი. შესაბამისად, გარისკვა არ ღირს: თუ ჩასაფრებულმა დამკვირვებლებმა შპარგალკა აღმოგიჩინეს, მაშინვე გაგდებენ. სხვისგან გადაწერის შანსიც ძალიან მცირეა: ერთ დარბაზში გამოცდას რამდენიმე ფაკულტეტის ბავშვები წერენ. შესაბამისად, გვერდით ან ბიოლოგი ან ეკონომისტი გეჯდება (თავად კი პოლიტოლოგიას წერ).
მეორე პლიუსი არის ის, რომ საგამოცდო ცენტრი ნიშნავს გამოცდის თარიღს. ე.ი. გამოცდები ერთმანეთს ისე ხშირად აღარ ემთხვევა. თუმცა, ეს ვარიანტი ყველასთვის დადებითი არაა, რადგან თუ ყველა საგანს მაღლივში არ აბარებ, მაშინ ლექტორის დანიშნული და საგამოცდო ცენტრის მიერ არჩეული დროები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.მერე მიდის სტუდენტების ნერვების წეწვა და მცდელობა, რომ როგორმე რომელიმე გამოცდა გადაიწიოს.
ახლა კი მინუსებიიიი
პირველ რიგში, არაპუნქტუალურობა: სამის ნახევარზე დანიშნული გამოცდა, რეალურად, სამზე ან ოთხის წუთებზე იწყება. მანამდე კი სტუდენტები გარეთ დგანან და მაღლივში შეშვებას ელოდებიან. ზაფხულში კიდევ არაუშავს, აი ზამთარში გარეთ ყოფნა მართლა საშინელებაა. შენობაში შესვლის შემდეგ ტოვებთ ჩანთებს და ადიხართ ზემოთ, სადაც ლეპტოპებთან მსხდარი დეიდები თქვენს საიდენტიფიკაციო ნომერს გაძლევენ (რითიც საჭირო აუდიტორიას და მაგიდას მიაგნებთ). დეიდები ძალიან ნელა მუშაობენ, ცოტანიც არიან და ეს პროცესი უაზროდ დიდხანს იწელება.
დარბაზები არ თბება!!! ყოველ შემთხვევაში, შარშან. წელს რამდენიმე აუდიტორია გამთბარი იყო, რამდენიმე კი არა (უზარმაზარ აუდიტორიაში პატარა რეფლექტორი არ ითვლება). შესაბამისად, ისე ცივა, რომ მართლა გრძნობ ტვინის უჯრედების კვდომას. საგამოცდო ბილეთების დარიგებასაც დიდი ხანი მიაქვს და ბოლოს, როგორც იქნა, წერა იწყება. სამწუხაროდ, სიმშვიდე და სიწყნარე ხშირად არ არის. მთელი გამოცდის განმავლობაში ისმის კურატორების ხმამაღალი შენიშვნები, პოლემიკა სტუდენტებთან (თუ სტუდენტი სიმპატიური მამრია და კურატორი ქალი-ფლირტიც :-შ) და ასე შემდეგ. პირადად მე, ძალიან გამიჭირდა კონცენტრირება.
და კიდევ ერთი დიდი მინუსი (ოღონდ მაღლივის არა, უფრო ლექტორების): უფრო ნელა რომ გაასწორონ ნაშრომები არ შეიძლება? სად გვეჩქარება, იქითა წლამდე მოვიცდით და მერე დიპლომში ჩახედვით გავიგებთ ქულებს :|
უფრო მეტი ორგანიზებულობა, მეგობრებო :)

ჩემი ოცნების ბიბლიოთეკარი

3 Feb

ვინმეს გინახავთ საყვარელი ბიბლიოთეკარი? მგონი ბიბლიოთეკარების არჩევისას მთავარი კრიტერიუმია ჰქონდეს საშინელი ხასიათი, კლიმაქსი და გაქანებული ნევროზი. თუკი ამ ყველაფერს გაუთხოვრობაც დაემატება, კანდიდატი მიღებულია!
პირადად მე, სულ ასეთები მხვდებიან. ისეთი სახით მაძლევენ წიგნებს, თითქოს რამე მოვპარე და ვუბრუნებ. აბსოლუტურ უმრავლესობას ეზარება წიგნების გამოტანა და ჯიუტად მიმტკიცებენ, რომ არ აქვთ (არადა, კართოტეკა საპირისპიროს მეტყველებს). მოკლედ, საშინელი ხალხია.
ასე ვფიქრობდი დღემდე. დღეს კი დავრწმუნდი, რომ გამონაკლისი ბიბლიოთეკარებშიც კი არსებობს! ეს ყველაფერი მაღლივში მოხდა :) მინდოდა ზურა დავითაშვილის “ნაციონალიზმი და გლობალიზაცია”, რისთვისაც ზემოთ ხსენებული სასწავლებლის ბიბლიოთეკაში მომიწია მისვლა. ისე თბილად მიმიღეს, რომ გავოცდი, მართლა. წავიდა ბიბლიოთეკარი და დიდხანს ეძება ჩემთვის სასურველი წიგნი, ბოლოს კი მომიბოდიშა-გატანილია და ვერ ვნახეო. მეთქი აწი სულ აქ ვივლი, რას ვაჭმევინებ ნერვებს წერეთლის ბიბლიოთეკის ნევროზიან ქალებს-თქო.
მოკლედ, წამოვედი ბედნიერი და გახარებული. ასე რთულია გავუღიმოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს? ფაქტია, რომ ძალიან სასიამოვნოა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.