Tag Archives: მაგისტრატურა

Building a Team

4 Nov

უკანასკნელი ერთი კვირა ძალიან სასიამოვნოდ და პროდუქტიულად გავატარე ახალ  ჯგუფელებთან და ავსტრიელ ლექტორთან ერთად. წინა პოსტებში ვწერდი, რომ ჩემი სამაგისტრო არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვიყავი და სასწავლო პროცესზე დიდ იმედებს ვამყარებდი. ვინც კარგად მიცნობს ისიც ეცოდინება, რომ იშვიათად ვარ რაიმეთი კმაყოფილი. განსაკუთრებით კი-უნივერსიტეტით.

ჩემი ინტუიცია არ შემცდარა.  მორიგ საგანს “ჯგუფის დინამიკა” ერქვა და ერთი კვირის განმავლობაში დილის ცხრიდან საღამოს ხუთ საათამდე გვიტარდებოდა. მთელი ეს პერიოდი ვისხედით, ვიჯექით, ვიწექით, ვცქმუტავდით, ვყვიროდით, ვარჩევდით და ვმსჯელობდით, თუ…

  •  რა არის გუნდი
  • რა არის აუცილებელი კარგი გუნდის ფორმირებისთვის
  • როგორ უნდა გადანაწილდეს ფუნქციები
  • როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან და მოვაგვაროთ უკვე წარმოქმნილი კონფლიქტები
  • როგორ ვიპოვოთ მარტივი გამოსავალი ერთი შეხედვით რთული სიტუაციებიდან
  • როგორ ვიმუშაოთ ჩვენთვის ხშირად აუტანელ და შეუთავსებელ ადამიანებთან
  • ვისწავლოთ არა მხოლოდ სწორი პასუხების, არამედ სწორი კითხვების დასმაც
  • არ გვეშინოდეს საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების და ხაზგასმის
  • როგორ უნდა შევუწყოთ ხელი გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას
  • და ა.შ და ა.შ

როგორი ნაცნობი სიტყვებია, არა? ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი კარგად იცის. ო, როგორ შორს ვართ ამ ცნებების არა სამსახურში, არამედ თუნდაც პირად ურთიერთობებში სწორად გამოყენებისგან! როგორ არ გვესმის ერთიანობის მნიშვნელობა და როგორ არ გვწამს საკუთარი და სხვისი ძალების!

მოკლედ, წინა პოსტის არ იყოს, ახლაც აჟიტირებული ვარ. უბრალოდ, ძალიან მომეწონა ეს კურსი თუნდაც იმიტომ, რომ შედეგი კვირის ბოლოსვე დავინახე!

  • ვმუშაობდით ყოველდღე სხვადასხვა ჯგუფებში
  • მაქსიმალურად ვეხმარებოდით ერთმანეთს (ვუთარგმნიდით ტექსტებს, ვაფორმებდით პრეზენტაციებს)
  • პირადად მე არ მქონია არცერთი კონფლიქტი გუნდში (არადა, საკმაოდ ფიცხი ადამიანი ვარ)
  • ვისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა
  • და შეცდომების აღიარება (Violet/Orange issue)
  • დავიწყეთ ერთმანეთის ღირსებების დაფასება
  • დავმეგობრდით! რამდენიმე კვირის გაცნობილ ადამიანებთან დავმეგობრდი, რაც საოცრებაა.
  • თავს ვგრძნობდით შეკავშირებულ ჯგუფად, რომელიც ერთად მიდიოდა და ერთი მიზანი ჰქონდა.
  • ვაკრიტიკებდით, კრიტიკას ვიღებდით. ხან-არა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდა ყვირილის და ყელის ძარღვების დაქაჩვის გარეშე
  • და ა.შ და ა.შ

ასე რომ, არ ვნანობ, რომ ჩემი საზმათრო არდადეგებისთვის შემონახული შვებულება ჯგუფის დინამიკას შევწირე. ღმერთმანი, ბოლოს როდის გინახივართ ასეთი აღფრთოვანებული, მითხარით :)

წინ მთელი სემესტრი და ორი ახალი ლექტორი გველოდება (იმედი მაქვს, ინგლისური მათაც კარგად იციან). მანამდე კი ვრჩები თსუ-ს ერთგულად და  მინდა,  რომ ეს განწყობა ბოლომდე გამყვეს.

მოულოდნელობების უნივერსიტეტი

12 Oct

ცხოვრებამ უცნაური სიურპრიზების გაკეთება იცის. როდესაც კარგს ელოდები, იმედი მწარედ გიცრუვდება. ხანდახან კი ისე სასიამოვნოდ გაოცდები, რომ მეტი არ შეიძლება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში მოხვედრით ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება განვიცადე.

  • არეულ-დარეული ცხრილი;
  • ლექციებს შორის ორ-სამსაათიანი ფანჯრები;
  •  შეუმდგარი ჯგუფები;
  • არასაკმარისი ადგილები საგნებზე;

სამაგიეროდ, წელს იმავე უნივერსიტეტში მოხვედით ძალიან გამიმართლა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვთვლი.

  • ჯგუფი 14 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული და მთელი ორი წელი არ დაიშლება;
  • ცხრილი მზად გვაქვს და საგნებს არ ჩვენით არ ვარეგისტრირებთ;
  •  ლექციებს ავსტრიელი პროფესორებიც წაგვიკითხავენ;
  • თეორიის გარდა იქნება პრაქტიკული მუშაობაც!

ალბათ, გაგიჩნდებათ თქვენც ის კითხვა, რაც ჩვენმა რექტორმა “ლაბორატორიის” სტუდენტებს დაუსვა: თუ ასე ძალიან არ მოგწონდათ უნივერსიტეტი, მაგისტრატურაზე რაღას აბარებდით აქო?

ჩემს მიერ არჩეული პროგრამა სხვა უნივერსიტეტს არ აქვს. ან, შეიძლება აქვს და ეს ინფორმაცია ჩემამდე არ დადის. თანაც, მაინც რჩება იმედი გულში, რომ უნივერსიტეტში რაღაც გამოსწორდება და შანსი გექნება ის ოცნება აიხდინო, რომლისაც პირველ კურსზე, ოთხი (ჩემს შემთხვევაში, ხუთი) წლის წინ გჯეროდა.

ძალიან პათეტიკურად ვჟღერ. მაგრამ, რა ვქნა, ძალიან უცხოა ჩემთვის თსუ-თი კმაყოფლების შეგრძნება და ვერ ვეჩვევი. ის გრძნობაც ძალიან მომწონს, “ახალი ფურცლის გადაშლა” რომ ჰქვია.

ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

26 Sep

არ მინდოდა ამაზე მანამ დამეწერა, სანამ ზუსტი პასუხი არ მეცოდინებოდა.
ადრეც მიხსენებია ეს თემა, ერთ-ერთ ბოლო პოსტშიც ვწუწუნებდი ამ პრობლემაზე.
მოკლედ, წარმატებით გავიარე სამაგისტრო გამოცდები და სტუდენტი გავხდი, ისევ.
ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ორგანიზაციის განვითარებასა და კონსულტირებაზე”.

 თსუ  2010 წელს დავამთავრე. სამწუხაროდ, არ მოვხვდი იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში, რომლებმაც 16 წლის ასაკში სწორად აირჩიეს პროფესია. ჩემგან ურიგო ჟურნალისტი არ გამოსულა, მაგრამ ჩავთვალე, რომ სხვა სფეროში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემეძლო. რა სფეროში? ეს მაშინ არ ვიცოდი. გამრჩეულად არაფერი მაინტერესებდა, საკუთარ თავს ვერსად ვერ ვხედავდი და ა.შ.

შესაბამისად, მაგისტრატურაში საერთოდ არ ჩავაბარე. შეშფოთდა ოჯახი. მე კიდე მოკლედ ავუხსენი, რომ ეს წელი მხოლოდ ვიმუშავებდი და თუკი რაიმეს მოვიფიქრებდი, სად გაიქცეოდა უნივერსიტეტი და სწავლა? მომავალში ვცდიდი. მათაც გამიგეს და ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამთ.

წელს მომინდა ჩაბარება. ერთხელაც, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე “ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება”. ამასობაში, ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებაც დაგროვილი მქონდა და ეს ახალი ( ნუ, ჩვენთან ) სფერო ძალიანაც მაინტერესებდა.

  • საბუთები შევიტანე;
  • გამოვიყენე უნარების შარშანდელი ქულა;
  • გამოცდაზე გავედი (მაღლივი, დილა, სიცივე, უამრავი ხალხი, ჩანთების დატოვება, ნომრის რიგში დგომა, დამკვირვებლების აქეთ-იქით სიარული და ა.შ);
  • დაველოდე 23 სექტემბერს და ჩარიცხულთა სიებში ჩემი სახელი და გვარი აღმოვაჩინე : )

ძალიან გამიხარდა.

სწავლა 10 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე გვეწყება :) ძალიან მაინტერესებს ჩემი 13 ჯგუფელი, რომლებიც ფეისბუქზე უკვე დავძებნე :)

Tsu, here I come again!

რა სარგებლობა მოაქვს დიდობას

8 Aug

“წადით, მომწყდით თავიდან,

დაბერება არ მინდა!”

ასე ამბობდა პეპი გრძელიწინდა და მე მისი ყოველთვის მიკვირდა. დაბერება არასდროს მდომებია, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი უფრო დიდი: სკოლის პერიოდში უფროსკლასელებს შევნატროდი, ბოლო ზარი მინდოდა. მერე სტუდენტების მშურდა. სტუდენტობის დროს კი მათი, ვინც უკვე მუშაობდა.

ყველა ეტაპი გამოვიარე და ახლა უკვე ვხვდები, თუ რატომ არ უნდოდა პეპის გაზრდა. მეტი ასაკი მეტ პრობლემებს უდრის. ისეთს კი არა, ბავშვობაში რომ გაწუხებს და გულის სიღრმეში იცი, რომ დიდი არაფერია. არა, რაც უფრო დიდი ხარ, მით მეტ შარში ყოფ თავს. ყოველ ახალ ნაბიჯს ახალი პასუხისმგებლობები მოყვება. თან ჩვენთან! არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, მაგრამ საქართველოში ყველაფერი დაჩქარებული ტემპით მიდის, თითქოს სადღაც გავრბივართ და რაღაცის მოსწრება გვინდა. მაგალითად, სწავლა. ჩვიდმეტი წლის რომ ვიყავი აზრად არ მომდიოდა, რომ ბავშვს სკოლის მერე შეიძლებოდა გამოცდები არ ჩაებარებინა და იმავე წელს სტუდენტი არ გამხდარიყო. არასდროს მიფიქრია, რომ სკოლის შემდეგ რამდენიმე თავისუფალი წელი კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებას და სწორ არჩევანს ნიშნავდა. ახლა ოცდაორის ვარ და მაგისტრატურაში ჩაბარებას არ ვჩქარობ. მინდა, რომ ამჯერად მაინც გამოვიყენო წლები, გავიხედ-გამოვიხედო და მერე ავირჩიო ფაკულტეტი. სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობენ ჩემ გარეშემო ადამიანები და პანტა-პუნტით აბარებენ ბაკალავრიატიდან მაგისტრატურაზე, პრინციპით ”დიპლომი და ხარისხი ხომ მაინც მექნება?”

გექნება, აბა სად წავა? მაგრამ რატომ გარბიხარ, ადამიანო, რატომ? რატომ გვეჩქარება გაზრდა და გადიდება?

ცოტა ავურიე. ერთის დაწერა მინდოდა და მეორე გამომივიდა. მომავალში პეპის თემას აუცილებლად მივუბრუნდები.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.