Tag Archives: დილა

ბაბუაწვერას ღვინო

20 May

დილის ათი საათია. ჯერ არ ცხელა, მხოლოდ სასიამოვნო ნიავია. ქუჩაში რომელიღაც ხეზე რამდენიმე ჩიტი ზის და ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობენ. მაგიდაზე ვარდების თაიგული დგას, გვერდით კი ფინჯანი ყავა. ყავისა და ყვავილების სუნი ერთმანეთს ერევა და არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტად მომწონს. მაგიდასთან მე ვზივარ და რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინოს” ვკითხულობ. ვკითხულობ და ერთი სული მაქვს, მალე მოვიდეს ზაფხული და მალე წავიდე რაჭაში, რათა ისევ შევიგრძნო ის მარტივი ჭეშმარიტებები, რაც იქ მელოდება; ისევ დავბრუნდე ბავშვობაში და ისევ აღმოვაჩინო ბედნიერება ყოველი დღის გათენებაში. მერე, გულდაწყვეტით დავითვალო ზაფხულის დასრულებამდე დარჩენილი დღეები და ნაღვლიანად ამოვიოხრო.

რა დასანანია, ბავშვობაში ამ ბედნიერების სრული სამი თვე მქონდა. ახლა კი… ერთი კვირაც კი არა. ასეა, ვიზრდებით და მარტივი ბედნიერებებიც მცირდება, რაც არ მცირდება-ვერ ვამჩნევთ.

აი, თუნდაც, ეს მშვენიერი დილა. ვერ ვიგრძნობდი მას, რომ არა რეი ბრედბერის წიგნი, რომელიც შემთხვევით ჩამოვიღე თაროდან…

Life is lovely 

 

დღის ფოტო

21 Apr

დილაობით ასეთი აივნიდან გადმოხედვა მინდა:

რამდენიმე ფოტო განწყობისთვის

22 Feb

 

 

 

 

მეტი ვიძინოთ

17 Nov

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თერთმეტის ნახევარია და უმრავლესობას უკვე დიდი ხანია გვღვიძავს, დარწმუნებული ვარ, რომ თვალებს მაინც ძლივს ვახელთ, მოთენთილები ვართ და დილის საათებში დიდი პროდუქტიულობითაც არ გამოვირჩევით. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძილი გვაკლია. ძველი, მშობლიური, ტკბილი ძილი. ამბობებ, რომ, სულ მცირე, რვა საათი უნდა გეძინოს. იმასაც ამბობენ, რომ ეს მაინც ინდივიდუალურია და ყველა თავისით გამოიმუშავებს საკუთარ ოპტიმალურ დროს. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ რვა საათის თეორია გაცილებით უფრო მყარია, რადგან ჩემ გარშემო ხალხს  ძილი მასიურად აკლია.

ადრე ადგომა პრობლემა არაა. რვაზე იღვიძებ თუ ცხრაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში სამუშაო დღე გაცილებით ადრე იწყება, დილის გადაცემის წამყვანები კი, საერთოდაც, ხუთზე დგებიან, მგონი!!!

მთავარია დროულად დაძნება. ჩემს შემთხვევაში, თერთმეტზე. თან:

  1. არანაირი ინტერნეტი. სერიალების ყურებამ ისე შეიძლება შემიყოლიოს, რომ თერთმეტზე კი არა, სამზეც ვეღარ დავიძნო.
  2. არანაირი ძილის წინ კითხვა. წიგნებს, უმეტესობა, ძილის წინ კითხულობს. აბა, დღისით ვის აქვს მაგის დრო. ძილის წინ წაკითხული კი მე სიზმრებში კოშმარებად მყვება და მერე მთელი ღამე ამა თუ იმ სიუჯეტს ვხედავ, რაც ემოციურად ძალიან მღლის და დილით გატანჯული ვიღვიძებ.

ამ პირობებს თუ შეასრულებთ, დილით არც თვალები გექნებათ ჩაშავებულ/ჩაწითლებული, არც ადგომა დაგეზარებათ, არც მოთენთილობა შეგაწუხებთ და სამსახურსა თუ უნივერსიტეტშიც უფრო მხნედ წახვალთ.

ეჰ, სალაპარაკოდ ადვილია, შესრულება კი-ძნელი. დღესაც ვეცდები ადრე დაძინებას. დილითაც ადამიანურად მოვემზადები, და არა ასე:

კვირა დილა

2 Oct

დღევანდელი დილა პოზიტიურად დამეწყო.

ავედი 88 ავტობუსში და აღმოვაჩინე, რომ საფულეში სამგზავრო ბარათი არ მედო. თავად ეს ფაქტი საკმაოდ ნეგატიურია, რა არის ამაში დადებითი. თან, იმის გათვალისწინებით, რომ გაჩერებაზე ყვითელ მაისურში გამოწყობილი კონტროლიორიც ამოვიდა.

მოვიჩხრიკე ჯიბეები და რკინის ორლარიანის მეტი ვერაფერი ვერ ვნახე. ჩემ წინ ერთი საყვარელი გოგო იდგა, მუსიკას უსმენდა. ვკითხე, ორლარიანს ხომ ვერ დამიხურდავებდა. მან კი ორმოცდაათი თეთრი მომცა და გამიღიმა. მადლობა გადავუხადე, ბილეთი ავიღე და მეც გავუღიმე.

მერე ვიფიქრე, ხომ არ დავახურდავებინო სხვას და დავუბრუნო-თქო, მაგრამ ამ პოზიტიური მომენტის გაფუჭება არ მინდოდა და გადავიფიქრე.

I hate days like this

7 Jul

დილით ყავის მოდუღებას რომ დააპირებ და აღმოაჩენ, რომ ყავა აღარ არის

ქვედაბოლოს რომ ეძებ და ვერ პოულობ

გარეთ ისე ცხელა, რომ მაკიაჟი სახეზე გეწუწება

გზაში შენთვის უსიამოვნო ადამიანს რომ შეხვდები

ტაქსს რომ გააჩერებ და უჟმური მძღოლი შეგხვდება

სამსახურში მოსული ოთახის გასაღებს რომ ვერ იპოვი

სადილად წამოღებული სალათი რომ ჩანთაში ჩაგექცევა

ასეთი დღისგან კარგს რას უნდა ელოდო?

6. და თქვენ რომელ საათზე იღვიძებთ, სერ?

30 May

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ბევრს არ უყვარს და ყოველ დილით ამაზე წუწუნებს: ადრე ადგომა ძალიან კარგია :)

ზოგადად, დილის ძილი ყველაზე სასიამოვოა. რა ჯობია, ნებივრად რომ გადაბრუნდები ერთი გვერდიდან მეორეზე და იცი, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ამდენი და ამდენი დრო გაქვს დარჩენილი. მეც ასე ვიყავი. სამსახურში ათ საათზე უნდა ვიყო, შესაბამისად, ცხრა საათზე რომ ავდგე და გამზადება დავიწყო, ამ პირობას უპრობლემოდ ვასრულებ. ბოლო პერიოდში კი უფრო ადრე დავიწყე ადგომა, შვიდ საათზე.

რვის ნახევრისთვის უკვე გამოფხიზლებული ვარ და სარბენად გავდივარ. ყურსასმენები, დილის სუფთა ჰაერი და წყნარი ქუჩები: დღე ამაზე უკეთ როგორ უნდა დაიწყოს. ხან სწრაფად დავდივარ, ხან დავრბივარ, როგორც შემიძლია. ნახევარი საათის მერე სახლში ვბრუნდები, წყალს ვივლებ და ცხრა საათისთვის უკვე გამზადებული ვარ.

სამსახურამდე ერთი საათია დარჩენილი. ყავას ვიდუღებ, წიგნს ვიღებ და მშვიდად ვსვამ. დილის სასიამოვნო რიტუალია. ნელ-ნელა მოდის ათის ნახევარი და მეც ნელ-ნელა გავდივარ სახლიდან, სრულიად გამოფხიზლებული, მშვიდი და კარგ გუნებაზე მყოფი.

ახლა, რა ხდება, თუ ცხრაზე ვიღვიძებ და ადრე არ ვდგები: როგორც წესი, ზუსტად ცხრა საათზე ვერ ვეშვები ძილს და ათის წუთებზე წამოვვარდები. ბარბაცით გავდივარ აბაზანაში და იქიდან უკვე კისრისტეხით ვბრუნდები ოთახში, რადგან მაგვიანდება და ვეღარაფერს ვერ ვასწრებ. საუზმეზე ლაპარაკიც ზედმეტია, შეიძლება ყავის მოდუღებაც ვერ მოვასწრო და ოფისში დავლიო ერთჯერადი მაკკოფე, რომელიც მძულს. ხასიათი-საშინელი, განწყობა-მძინარე, ორგანიზმი-მოდუნებული. ის საყვარელი დილის ძილი არ ღირს ამდენად, ჩემთვის.

და თქვენ რომელ საათზე დგებით, სერ?

 

What’s the story morning glory

25 Mar

გუშინ ვფიქრობდი, ყველა დღე ერთმანეთს რატომ ჰგავს-თქო. დღეს კი ქამელეონის პოსტი წავიკითხე და,დაე, დავითაგავ თავს და გეტყვით, როგორია ჩემი ერთი, ჩვეულებრივი დღე.

მაღვიძარა ცხრის ნახევარზე ირთვება. ო, როგორ მძულს! კიდევ უფრო მძულს ის, რომ ჩემს ტელეფონს სენსორული ეკრანი აქვს და ძილში თ სადმე მომიხვდა თითი ან ითიშება და გვიან მეღვიძება, ან ხმას უწევს და გიჟივით ყვირის, ან ვიბრაცია ერთვება და გულს მიხეთქავს და ა.შ.  მგონი ის დროა, ტრადიციული მაღვიძარის შეძენაზე ვფიქრობდე.

ასეა თუ ისე, ცხრას რომ თხუთმეტი აკლია, მაშინ ვდგები. ფაჯნარაში ხან ქარია, ხან მზე და  ხან წვიმა. ისე, რა მნიშნელობა აქვს, ყველა ვარიანტში უნდა მოვემზადო და სამსახურში წავიდე. იყო დრო სკოლაში წასასვლელად ვდგებოდი, მერე უნივერსიტეტში, ახლა სამსახურში. დილის პროცედურები ერთი და იგივეა.

ცხრა საათამდე ვიცვამ. ჩაცმას ორი წუთი უნდა, არჩევას 10. დრეს-კოდის გამო არ შემიძლია დახეული ჯინსებითა და კეტებით სიარული. ამიტომ, არჩევანს პერანგსა და კლასიკურ შარვალზე ვაკეთებ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვუხამებ. ამ უკანასკნელს ისე შევეჩვიე, რომ წინა შაბათს კეტებში ფეხი სერიოზულად მეტკინა. თმებს სადად ვივარცხნი და საათს და პატარა საყურეებს ვიკეთებ.

შემდეგ ვიდუღებ ყავას.

ბლოგზე არ მიხსენებია, მაგრამ უკვე მესამე კვირაა, რაც კალორიების დიეტაზე ვარ. ეს ჩემი რეკორდია. არცერთი დიეტა ხუთ დღეზე მეტი არ დამიცავს, ეს უკანასკნელი კი ძალიან მომწონს. მივირთმევ ყველაფერს, უბრალოდ, ვწონი და კალორიებს ვუთვლი. ამიტომ, დილით შემიძია თავს უფლება მივცე და ერთი ფინჯანი ყავა დავლიო. 50 კალორიად.

ყავის შემდეგ სადილს ვიმზადებ. მოგეხსენებათ, სამსახურში ჭამა ცოტა პრობლემურია. განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც ოფისის გარშემო ერთ მაღაზიას ვერ იშოვი წამლად. გატყუებთ, ერთი მარკეტი ნამდვილად არის, ოღონდ არასდროს არაფერი არ აქვთ. პაკეტის ყავაც კი. ხაჭოსა და რძის პროდუქტებზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ, საღამოს მეორე დღის საჭმელზე ზრუნვა მიწევს.

სადილად ხან ხაჭო  მაქვს, ხან მაკარონი, ხან სენდვიჩი, ხან სალათა, ხან 40 თეთრიანი სუპი. რაც მტავარია, ყველაფერი აწონილ-გაზომილია. მთავარია დღიურ 1200 კალორიას არ გადავცდე. ამ  ყველაფერს კონტეინერებში ვალაგებ და ჩანთაში ვდებ.

გასვლამდე კიდევ 20 წუთია დარჩენილი. დრო მაქვს და Dead to the world-ს ვკითხილობ. რა ვქნა, სანამ ივნისი მოვა და True Blood-ის მეოთხე სეზონი გამოვა, წიგნებით ვიქცევ თავს. თან, დამიჯერეთ, წიგნის ერიკი სუუუულ სხვაა ^_^

ათს რომ თხუთმეტი აკლია, სამსახურში მივდივარ. ველოდები ჩემს საყვარელ ყვითელ ავტობუსს (ვერ ვიტან), პატიოსნად ვიღებ ბილეთს და ათზე ოფისში ვარ. ათიდან შვიდამდე დროის შუალედი შეგვიძლია გამოვტოვოთ. ვმუშაობ და ეს სამუშაო ყოველდღე ერთნაირია. შუადღეს ამოვიღებ ჩემს კონტეინერს და გემრიელად მივირთმევ ჩემს უგემურ, გაციებულ სადილს.

ორშ/ოთხ/პარასკევს ლექციები მაქვს და სამსახურიდან მივდივარ. ათ საათამდე გათიშული ვდევარ და სახლში მოვბობღავ. ამ დღეებში ძალიან ვიღლები და ძალიან ბევრს ვწუწუნებ. თუ ლექციები არ მაქვს, მაშინ ჩემი BF მომაკითხავს და ვნახულობ. ამ შემთხვევაშიც მაგრად ვიღლები, მაგრამ სასიამოვნო დაღლა მაინცაა :)

როგორც წესი, სახლში 10-11 საათზე მოვდივარ. ვიმარაგებ ხილს და ვუყურებ How I met your mother-ს. რამდენიმე სერიას, ახალი ძალებით მავსებს. მერე, ამ ახალი ძალებით ვატრიალებ ჰულა-ჰუპს და ვიგლიჯავ მუცელს.

ბოლოს, ვწვები და ვიძინებ. სადღაც პირველ-ორ საათზე. ღამით ვნახულობ საშინელ სიზმრებს და რამდენჯერმე მეღვიძება. დილით კი ჩემი სენსორული მაღვიძარა ისევ რეკს და ყველაფერი თავიდან იწყება.

აბა, ვის გაქვთ ჩემნაირი ერთფეროვანი და მოსაწყენი დღე? :)

დილის ფოტო #5

11 Feb

სამსახური, კომპიუტერი, სიწყნარე და ფინჯანი ყავა

როგორ მიყვარს ეს ყველაფერი : )

Follow

Get every new post delivered to your Inbox.