Tag Archives: დამკვირვებელი

ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

26 Sep

არ მინდოდა ამაზე მანამ დამეწერა, სანამ ზუსტი პასუხი არ მეცოდინებოდა.
ადრეც მიხსენებია ეს თემა, ერთ-ერთ ბოლო პოსტშიც ვწუწუნებდი ამ პრობლემაზე.
მოკლედ, წარმატებით გავიარე სამაგისტრო გამოცდები და სტუდენტი გავხდი, ისევ.
ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ორგანიზაციის განვითარებასა და კონსულტირებაზე”.

 თსუ  2010 წელს დავამთავრე. სამწუხაროდ, არ მოვხვდი იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში, რომლებმაც 16 წლის ასაკში სწორად აირჩიეს პროფესია. ჩემგან ურიგო ჟურნალისტი არ გამოსულა, მაგრამ ჩავთვალე, რომ სხვა სფეროში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემეძლო. რა სფეროში? ეს მაშინ არ ვიცოდი. გამრჩეულად არაფერი მაინტერესებდა, საკუთარ თავს ვერსად ვერ ვხედავდი და ა.შ.

შესაბამისად, მაგისტრატურაში საერთოდ არ ჩავაბარე. შეშფოთდა ოჯახი. მე კიდე მოკლედ ავუხსენი, რომ ეს წელი მხოლოდ ვიმუშავებდი და თუკი რაიმეს მოვიფიქრებდი, სად გაიქცეოდა უნივერსიტეტი და სწავლა? მომავალში ვცდიდი. მათაც გამიგეს და ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამთ.

წელს მომინდა ჩაბარება. ერთხელაც, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა   ფაკულტეტს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე “ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება”. ამასობაში, ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებაც დაგროვილი მქონდა და ეს ახალი ( ნუ, ჩვენთან ) სფერო ძალიანაც მაინტერესებდა.

  • საბუთები შევიტანე;
  • გამოვიყენე უნარების შარშანდელი ქულა;
  • გამოცდაზე გავედი (მაღლივი, დილა, სიცივე, უამრავი ხალხი, ჩანთების დატოვება, ნომრის რიგში დგომა, დამკვირვებლების აქეთ-იქით სიარული და ა.შ);
  • დაველოდე 23 სექტემბერს და ჩარიცხულთა სიებში ჩემი სახელი და გვარი აღმოვაჩინე : )

ძალიან გამიხარდა.

სწავლა 10 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე გვეწყება :) ძალიან მაინტერესებს ჩემი 13 ჯგუფელი, რომლებიც ფეისბუქზე უკვე დავძებნე :)

Tsu, here I come again!

მაცადეთ წერა!!!

18 Feb

თქვენი არ ვიცი და პირადად მე მიჭირს კონცენტრაცია. როდესაც რაიმეს შეზღუდულ დროში ვწერ, ძალების მობილიზება განსაკუთრებით მიჭირს.
ასეთ დროს მჭირდება სიწყნარე, სიმშვიდე და ხელისშემშლელი ფაქტორების არარსებობა. სამწუხაროდ, გამოცდებზე ამის ფუფუნება არ მაქვს. იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს სიჩუმე დაცული, ყველაზე მეტს ყაყანებენ.
ყაყანი კიდევ არაფერი. ყველაზე მეტად აი ესენი მაღიზიანებს:
ცხვირში სრუტუნი: ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი ამ ახირების შესახებ. საკმარისია ვინმეს სრუტუნი გავიგო, რომ თმები ყალყზე მიდგება და ნევროზი უმძიმესი ფორმებით მიტევს. ახლა წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ, როცა სრუტუნი გამოცდის დროს მესმის!
საღეჭი რეზინი: კევი ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდად არ მაღიზიანებს (თუ ვინმე აქლემივით არ იღეჭება, რა თქმა უნდა). გამოცდაზე კიდევ პირიქით-ლამის ვეცე და პირიდან გამოვგლიჯო : ) ჩემი ხანგრძლივი დაკვირვებებით დავასკვენი, რომ ადამიანი ნერვიულობისას კევის ღეჭვის ხარისხს ვეღარ აკონტროლებს. შესაბამისად, ახლო-მახლო ყოფნა კოშმარია.

ტექსტის ბუტბუტით კითხვა: ეს ეროვნულებზე დამემართა. ჩემ უკან მჯოდმი გოგო მოცემულობას ჩურჩულით იმეორებდა და ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. ვერც მივბრუნდი და გავაჩუმე, ვერც დამკვირვებელს ვერ ვთხოვე ვერაფერი და საბოლოოდ არ მივიღე ის ქულა, რაც მინდოდა :) აქაც მიმტყუნეს ნერვებმა.
დამსწრეები: ლექტორი იქნება ეს, მასწავლებელი თუ დამკვირვებელი ფაქტია, რომ ყველაზე მეტს ხმაურობს. რამდენიმეჯერ გამოვედი სიტყვით და სიწყნარისკენ მოვუწოდე, რაზეც იგივე მოწოდება და პლიუს გაფრთხილება მივიღე.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხართ მე და წერთ გამოცდას/სერიოზულ ტესტს. ცდილობთ, რომ მოიკრიბოთ გონება და მაქსიმალურად ყურადღებით მიუდგეთ საქმეს. და ამ დროს გესმით ცხვირში სრუტუნი, კევის ღლაჭუნი, ბუტბუტი და დამსწრის ხმამაღალი კომენტარები. როგორია?
ცუდია, ბატონებო. ძალიან ცუდი.
მოგიწოდებთ ყველას, რომ გაითვალისწინოთ ეს პოსტი და ანგარიში გაუწიოთ ჩემნაირ დანევროზებულ ადამიანებს : (

გამოცდები მაღლივში-to be or not to be?

8 Feb

რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში ახალი რეფორმა გაატარეს: გარკვეულ საგნებში გამოცდები მაღლივში დაინიშნა. ამბობენ, რომ საბოლოოდ ყველა გამოცდა მაღლივში ჩატარდება.
ამ ყველაფერს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. დავიწყოთ პლიუსებით, რადგან ძალიან ცოტაა და მალე მოვრჩებით :D
პირველ რიგში, მოიმატა სწავლის დონემ. მაღლივში გადაწერა, თითქმის, შეუძლებელია, რადგან გატოვებინებენ ჩანთას, კონსპექტებს, მობილურს, კალკულატორს და რავიცი, ყველაფერს. მაგიდაზე უნდა იდოს მარტო პირადობა, სტუდბილეთი და კალამი, მეტი არაფერი. შესაბამისად, გარისკვა არ ღირს: თუ ჩასაფრებულმა დამკვირვებლებმა შპარგალკა აღმოგიჩინეს, მაშინვე გაგდებენ. სხვისგან გადაწერის შანსიც ძალიან მცირეა: ერთ დარბაზში გამოცდას რამდენიმე ფაკულტეტის ბავშვები წერენ. შესაბამისად, გვერდით ან ბიოლოგი ან ეკონომისტი გეჯდება (თავად კი პოლიტოლოგიას წერ).
მეორე პლიუსი არის ის, რომ საგამოცდო ცენტრი ნიშნავს გამოცდის თარიღს. ე.ი. გამოცდები ერთმანეთს ისე ხშირად აღარ ემთხვევა. თუმცა, ეს ვარიანტი ყველასთვის დადებითი არაა, რადგან თუ ყველა საგანს მაღლივში არ აბარებ, მაშინ ლექტორის დანიშნული და საგამოცდო ცენტრის მიერ არჩეული დროები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.მერე მიდის სტუდენტების ნერვების წეწვა და მცდელობა, რომ როგორმე რომელიმე გამოცდა გადაიწიოს.
ახლა კი მინუსებიიიი
პირველ რიგში, არაპუნქტუალურობა: სამის ნახევარზე დანიშნული გამოცდა, რეალურად, სამზე ან ოთხის წუთებზე იწყება. მანამდე კი სტუდენტები გარეთ დგანან და მაღლივში შეშვებას ელოდებიან. ზაფხულში კიდევ არაუშავს, აი ზამთარში გარეთ ყოფნა მართლა საშინელებაა. შენობაში შესვლის შემდეგ ტოვებთ ჩანთებს და ადიხართ ზემოთ, სადაც ლეპტოპებთან მსხდარი დეიდები თქვენს საიდენტიფიკაციო ნომერს გაძლევენ (რითიც საჭირო აუდიტორიას და მაგიდას მიაგნებთ). დეიდები ძალიან ნელა მუშაობენ, ცოტანიც არიან და ეს პროცესი უაზროდ დიდხანს იწელება.
დარბაზები არ თბება!!! ყოველ შემთხვევაში, შარშან. წელს რამდენიმე აუდიტორია გამთბარი იყო, რამდენიმე კი არა (უზარმაზარ აუდიტორიაში პატარა რეფლექტორი არ ითვლება). შესაბამისად, ისე ცივა, რომ მართლა გრძნობ ტვინის უჯრედების კვდომას. საგამოცდო ბილეთების დარიგებასაც დიდი ხანი მიაქვს და ბოლოს, როგორც იქნა, წერა იწყება. სამწუხაროდ, სიმშვიდე და სიწყნარე ხშირად არ არის. მთელი გამოცდის განმავლობაში ისმის კურატორების ხმამაღალი შენიშვნები, პოლემიკა სტუდენტებთან (თუ სტუდენტი სიმპატიური მამრია და კურატორი ქალი-ფლირტიც :-შ) და ასე შემდეგ. პირადად მე, ძალიან გამიჭირდა კონცენტრირება.
და კიდევ ერთი დიდი მინუსი (ოღონდ მაღლივის არა, უფრო ლექტორების): უფრო ნელა რომ გაასწორონ ნაშრომები არ შეიძლება? სად გვეჩქარება, იქითა წლამდე მოვიცდით და მერე დიპლომში ჩახედვით გავიგებთ ქულებს :|
უფრო მეტი ორგანიზებულობა, მეგობრებო :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.