Tag Archives: გახდომა

2. სიარულმა რა ჰქმნა?!

17 May

ვაგრძელებ “ჯანსაღი ცხოვრების ერთ კვირას”. წინა პოსტში კვების რაციონზე გწერდით, ახლა მორიგ თემას მივხედოთ.

რამდენიმე წლის წინ მაგრად გავხდი. თან ისე არა, რომ შეხედავ და იფიქრებ, ნეტავი რა ავადმყოფობა აქვს ამ საწყალს გადატანილიო. პირიქით-არასდროს ვყოფილვარ ისე ჯანმრთელი, მხნე და ენერგიული, როგორც მაშინ. ვიყავი ისეთი, როგორიც  უნდა ვყოფილიყავი.

ყველაფერი კი მათემატიკითა და აღმაშენებლის გამზირით დაიწყო. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ საგანს, ქუჩას და ცხოვრების ჯანსაღ წესს? აბიტურიენტობის პერიოდი. იმ წელს ვაბარებდი, მათემატიკაში კი ვემზადებოდი მასწავლებელთან, რომელიც ძველ პლეხანოვზე ცხოვრობდა. შესაბამისად, იქ სიარული  კვირაში რამდენჯერმე, ბოლოს კი ყოველდღე მიწევდა.

ჰო, მანამდე გამხდარი არასდროს მეთქმოდა. პირიქით-წონას მუდმივად ვუჩიოდი, ჩივილის დონეზე-ფიზიკური აქტიურობითაც არ გამოვირჩეოდი. ასე მივაღწიე დამამთავრებელ კლასს.

დავუბრუნდეთ მათემატიკას. მე თვითონ ვაკეში ვცხოვრობ, საიდანაც აღმაშენებელზე ა რ ა ფ ე რ ი არ დადის. ახლა არ ვიცი, მაშინ ნამდვილად არ დადიოდა. ერთადერთი, 59 ნომერი ავტობუსი მიდიოდა მარჯანიშვილამდე. შესაბამისად, სულ მაგას დავყვებოდი. გაკვეთილის მერეც 59-ს უნდა შევხტომოდი, მაგრამ აუხსნელი მიზეზების გამო ისეთი გაჭედილი მოდიოდა, რომ იქ ასვლას ქუჩაშივე ხარაკირის გაკეთება მერჩია. ამიტომაც, დავადებდი თავს და აღმაშენებლიდან მარჯანიშვილისა და ელბაქიძის აღმართის გავლით ვაკეში ფეხით მოვდიოდი. სულ. მაშინ CD პლეიერების ეპოქა იყო და დისკებიც ბლომად მქონდა, რაც გზას ფსიქოლოგიურად მიმოკლებდა.

ასე გავიდა ერთი წელი. ფეხით რამდენი კილომეტრი გავიარე, ღმერთმა იცის. წლის ბოლოს კი შემთხვევით,  მართლა შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მამიდაშვილის ქვედაბოლო შემეკრა (ჩემი მამიდაშვილი ჩემზე, სულ მცირე, ათი კილოთი მაინც გამხდარია).

ეს იყო სრული შოკი. გავგიჟდი. უცებ იღვიძებ  და ხედავ, რომ ძალიან გამხდარი ხარ.  ამის მიზეზი კი ფეხით ამდენი სიარული იყო. სხვას რას დავაბრალო, არ ვიცი: ჭამისთვის რომ არ მომიკლია, ეგ ნამდვილად მახსოვს. გაკვეთილების გარდა კი დიდად არსად მივლია.

ამიტომ, მიეძალეთ სიარულს. ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათით სწრაფი სიარული ფორმაშიც ჩაგაყენებთ, განწყობასაც გაგიუმჯობესებთ, მხნედაც იქნებით და არც კამეჩის სინდრომი არ შეგაწუხებთ.

1. სწორი კვების პრინციპები

16 May

ჯანსაღი ცხოვრების წესი სწორი კვების გარეშე წარმოუდგენელია. დღეს სწორედ ამ თემაზე მინდა გესაუბროთ და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.

რას ვჭამთ?

ალბათ, ყველაფერს. თავს არაფერში ვიზღუდავთ. ან, პირიქით-ათასნაირ დიეტებზე ვართ და ნერვულ უჯრედებს ზედმეტ წონასთან ერთად ვკლავთ. აქვე გეტყვით, რომ მკაცრი დიეტით დაკლებული წონა ბუმერანგივით უკან ბრუნდება, ნერვები კი-არა. ამიტომ, გაუფრითხილდით თავს და კვების ოქროს შუალედი იპოვეთ.

ზოგადად, ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ რასაც აუკრძალავ, მაინცდამაინც ის უნდება. საკუთარ თავთან წინააღდემგობაში მოსვლა და ცდუნებისგან თავის შეკავება საკმაოდ დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. როდესაც სხვადასხვა დიეტებს ვიცავდი, მუდამ ვიღრინებოდი, გაღიზიანებული და ნერვებაშლილი ვიყავი. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ გემრიელი სადილის შემდეგ დიეტის გაგრძელებას უტოპიური “ორშაბათისკენ”  (რომელიც არასდროს დგებოდა) ვდებდი.

ალბათ, ასე ხართ თქვენც. შეიძლება, ჩემგან განსხვავებით უკეთესი ნებისყოფა გაქვთ და თავს იკავებთ, მაგრამ, აღიარეთ, რომ საკმაოდ რთული პროცესია. აი, ზუსტად ასეთ ამბებში ვიყავი, როდესაც კალორიების დიეტა ფორუმელი ნენოსგან აღმოვაჩინე. პრინციპში, დიეტას შეცდომით ვუწოდებ: ის ჩემთვის, უბრალოდ, სწორი კვებაა, რომლისგანაც არავინ არ ზარალდება, ზედმეტი წონის გარდა.

რაში მდგომარეობს კალორიების თვლის პრინციპი? ნებისმიერ პროდუქტს გააჩნია კალორიების გარკვეული რაოდენობა. მათი მოძიება ინტერნეტის მეშვეობით ადვილად შეიძლება, რამდენიმე ქართულ საიტს აქაც დაგიგდებთ:

ვარიანტი #1
ვარიანტი #2

რამდენი კალორია უნდა მიიღოს ადამიანმა დღეში იმისთვის, რომ წონა შეინარჩუნოს? ან დაიკლოს? ან, ასეთებიც არიან, მოიმატოს?

Counting Calories

ამ საიტის მეშვეობით შეძლებთ იმის გამოანგარიშებას, თუ რამდენი კალორია გჭირდებათ (მე, მაგალითად, დღეში 1200 კალორია “გამომიწერა”). რას რამდენი კალორია აქვს ხომ უკვე ვიცით? ჰოდა, შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი, და მაინც დავიკლოთ! საქმე ისაა, რომ ბალანსირებული კვებით საჭმლის მომნელებელი სისტემა წესრიგდება, იღებთ სასურველ საკვებს და თან ზომიერად. ეს ყველაფერი ფორუმელმა ნენომ გატესტა და ძალიანც კმაყოფილია. მეც ვიცავ და ვუერთდები მას, საკმაოდ ეფექტური და მარტივი გზაა.

ოღონდ, არ ელოდოთ სწრაფ შედეგს. კალორიების თვლით დაიკლებთ ნელა, გამოზომილად, მაგრამ სამუდამოდ (ახლა, ზომიერების გრძნობა თუ დაკარგეთ და გაგიჟდით და გადაირიეთ, შეიძლება ისევ გასუქდეთ). როგორც წესი, კალორიების თვლით დაკლებული წონა ადვილად არ ბრუნდება, რადგან იკლებთ არა ორგანიზმიდან წყლის გამოდევნის, არამედ ცხიმების წვის ხარჯზე.

თუკი წონის დაკლება არ გსურთ და, უბრალოდ, გსურთ ჯანსაღად იკვებოთ, იგივე კალორიებს გირჩევთ. ამ გზით არც არაფერს მოიკლებთ და არც არაფერი მოგენატრებათ. სამაგიეროდ, ორგანიზმი ზუსტად იმდენ საკვებს მიიღებს, რამდენიც სჭირდება.მოვიმარჯვოთ ელექტრო-სასწორები და ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი ულუფა. პირველი კვირა ჭირს, მერე იზეპირებ კალორიებს და თვალის ზომაც ვარჯიშდება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მინი-პროექტის პირველ თემად სწორი კვება ამერჩია. სულ რომ მენჯებიდან ამოვხტეთ ვარჯიშით და ფიტნეს-კლუბებში დავაღამოთ, თუ საკვების მხრივაც არ შევუწყვეთ ხელი, შედეგს ვერანაირად ვერ მივიღებთ.

პ.ს. ჩემი 1200 კალორია მიღებულია ^_^

ახალი მსოფლიო წესრიგი

26 Apr

არა, ახალი მსოფლიო წესრიგი  არ ჩამოყალიბებულა, მე ჩამოვუყალიბე ჩემს თავს ახალი რეჟიმი.

პატარა რომ ვიყავი მინდოდა, რომ ძალიან მალე გავზრდილიყავი: მეკეთებინა ის, რაც მინდოდა და, რაც მთავარია-როცა მინდოდა. ვერ ვიტანდი დილით ერთი და იგივე დროს ადგომას, ერთი და იგივე დროს ჭამას, ერთი და იგივე დროს დაძინებას…

მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ურეჟიმოდ ცხოვრება საშინელებაა და ბედნიერია ის, ვისაც გამომუშავებული აქვს ცხოვრების რიტმი.

დღეიდან: ვიღვიძებ რვის ნახევარზე, რვას რომ 15 აკლია ვიკეთებ ყურსასმენებს და გავდივარ გარეთ სასეირნოდ. ნახევარი საათი დავდივარ სწრაფი ნაბიჯებით, ისეთით, რომ ოფლიანდები და ფეხის კუნთები რომ გტკივდება. მერე მოვდივარ სახლში, ვატრიალებ ჰულა-ჰუპს ერთი ათი წუთით და ვსვამ ყავას, ვემზადები ბლა/ბლა და ათის ნახევარზე სამსახურში მივდივარ.

ჰო, მართლა, კალორიებს  ვითვლი. საუზმეზე ასოცდაათი კალორია მაქვს მიღებული, დამრჩა ათასი :)

აწი 12 საათზე დავიძინებ და, რაც მთავარია-არანაირი კომპიუტერი არასამუშაო დროს! წიგნები და მაქსიმუმ ჩემი საყვარელი სერიალის ერთი სერია : )

ვნახოთ, როგორ გავქაჩავ <3

Japanise it

31 May

ამ ბოლო დროს ადამიანებს ორად ვყოფ:

1) რომლებიც კარგად გრძნობენ თავს საკუთარი წონის ფონზე და იხდენენ

2)რომლებიც ცუდად გრძნობენ თავს საკუთარი წონის ფონზე და ვერ იხდენენ.

მე, სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში გავდივარ. ისევ!!! არადა, წინა ჩანაწერების  მიხედვით მიზანს მივაღწიე და ზედმეტი კილოგრამები დავიფერთხე. მაგრამ ჩვენ ხომ არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან არ უნდა გავხდეთ, ან მთელი ცხოვრება წონა ვაკონტროლოთ. მე ვირჩევ მეორეს : ) და ვემხრობი დაკლებული წონის შენარჩუნების თეორიას, რომლის ასრულებაშიც სამსახურმა (<3)  შემიშალა ხელი: დამერღვა რეჟიმი და საკვების კონტროლი ვეღარ შევძელი. თან ნერვულმა სისტემამაც მიმტყუნა და საკუთარ თავს საჭმელების ერთი თვე მივუძღვენი (ზედმეტი კილოგრამებიც :| )

ჩემი ახალი დიეტის შთაგონება მიშკა გახდა, ჩემი ჯგუფელი. მან ზუსტად ორი კვირის განმავლობაში შეძლო იაპონური დიეტის დაცვა და შვიდი კილოს დაკლება! როდესაც ვსვამდით, მიშკა რძეს მიირთმევდა. ვქეიფობდით და ფოლგიდან მოხარშულ თევზს ჭამდა.  გადავხედე ამ იაპონურ დიეტას. ძირითადად, სასარგებლო საჭმელებისგან შედგება: თევზი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი… თან საკმაო რაოდენობით.

შევძლებ?

ჩემმა მეთოდმა გაამართლა: ბლოგზე დიეტის დღიურის წარმოება საკმაოდ ეფექტურია. უფრო პატიოსნად იცავ და მკითხველებისთვის ნედლი შედეგების გამხელა გინდა.

ასე რომ, წავიდა იაპონური დიეტა : ) უფრო სწორედ, ხვალ წავა. საღამოს კი დაწვრილებითი ცნობებით შემოგიერთდებით.

გკოცნით, თქვენი ზედმეტწონიანი (ჯერჯერობით!)  Dissolved Girl

Day 6: უთხარი “არა” ცდუნებებს

29 Mar

დიეტის პირველ ეტაპზე იწყება საშინელება: ერთად გინდება ჩიფსები, ხაჭაპურები, ხინკლები, მაკდონალდსები, ნაყინები და ყველა ის ბოროტება, რომელიც ჩვენს მუცელსა თუ თეძოებში პოვებს ადგილს. გძინავს-საჭმელი გესიზმრება; გღვიძავს-სასუსნავებისკენ გაგირბის ხელი და ფიქრი; მარკეტში შეხვალ და მაწვნის მაგივრად ფუნთუშები გინდა რომ იყიდო (აქვე უფასო რეკლამა გუდვილის ფრანგულ ფუნთუშებს. ვინც ამ პოსტს კითხულობთ და დიეტაზე არ ხართ ხვალ ჩემს სახელზე ერთი ცალი შეჭამეთ) და ა.შ.
ეს ეტაპი რამდენიმე დღის წინ დამიდგა. გადავირიე ხინკალზე, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც არ მომდომებია. ვიძახდი, იქითა კვირაში რამდენიმე ცალს შევჭამ-თქო მაგრამ არა! არ დავეცემი ასე : )
ჩიზბურგერი მენატრება ძალიან, ორი ლულას კარტოფილი, პანეტერიას პიცა, ლუკა პოლარეს ნაყინები და გუდვილის სასუსნავები. მაგრამ ჯერჯერობით ვუძლებ.
ისე, დამიჯერეთ, საკამრისია რამდენიმე კვირა უარი თქვათ კონკრეტულ საკვებზე, რომ მერე აღაც გინდებათ მისი ჭამა. მაგალითად, თეთრი პური. უზომოდ მიყვარს. ყველაფერი მიყვარს, რაც ცომისგან მზადდება. მაგრამ წინა დიეტის მერე თეთრ პურს პრინციპულად აღარ ვჭამ. როცა ვხედავ ეგრევე ზედმეტი კილოგრამები და ქონები წარმომიდგება თვალწინ-რაღა მაჭმევს! იგივე დამემართა შაქარზე, დღემდე “სახარინით” ვსვამ ყავას.
მოკლედ, მთავარია გიყვარდეს შენი სხეული, როგორც თაამ თქვა. და მოუარო.
მისი მოვლა დილიდან დავიწყე, ვარჯიშზე ვიყავი. გავწყდით წელში. ვიხტუნავეთ, გავიჭიმეთ, გამოვიჭიმეთ, მუცლის პრესები ვაკეთეთ და ტრენაჟორები დავიპყარით. ძალიან დავიღალე, მეორე დღე იყო და სრული დატვირთვით ვივარჯიშე. აერობიკიდან ორი საათის განმავლობაში არ მიჭამია, მარტო გრეიფრუტის წვენს ვსვამდი (ისევ თათას რჩევით) და ტელევიზორს ვუყურებდი. მერე მაწვნიანი წიწიბურა (თუ წიწიბურიანი მაწონი) მივირთვი, უშაქრო ყავა დავლიე და ისევ წიწიბურა დავაყოლე :) ლექციებიდან დაბრუნებულმა შევჭამე ორი ნაჭერი მოხარშული ორაგული, ორი ცალი ვაშლი და ერთი გრეიფრუტი. ახლა ცოტა ტყემლის ტყლაპს ვწიწკნი და დილამდე არაფრის ჭამას არ ვაპირებ. იმედია, გავძლებ.
მოკლედ, ჯერჯერობით კარგი გოგო ვარ და ვამაყობ ჩემი თავით.
ჰო, მართლა: მწარე საყვედური ჩემს მეგობარ მამაკაცს, რომელიც ყოველ საღამოს დამათრევს სხვადასხვა გემრიელ ადგილებში და ხელს უწყობს ჩემი ფორმის დაკარგვას! თუკი ამ პოსტს წაიკითხავ, გაითვალისწინე, რომ ბანანები ჩემი რაციონიდან ამოვიღე და ახლა მანქანაში მწვანე ვაშლები დამახვედრე ხოლმე :* მიყვარხარ : )

Day 2

25 Mar

გარშემო ყველა დიეტაზეა. დაგვეტყო გაზაფხულის მოსვლა : ) ისე, თბილ და მზიან ამინდში ეს პროცესი გაცილებით უფრო ადვილი ხდება. გარეთ გახვალ, ფეხით გაისეირნებ და კარგ ხასიათზეც იქნები (პირადად მე მზე კარ ხასიათზე მაყენებს).
შეგიძლიათ მთელი დღე მარტო მაწონზე ან მოხარშულ კარტოფილზე იყოთ? მე არა :( იმის წარმოდგენაც კი, რომ ერთი სახეობის პროდუქტი უნდა ვჭამო ცუდად მხდის. მინუს ცომი და შაქარი-ჩემი პრინციპი. ვნახოთ, რა გამოვა.
დილით კუნთები ამტკივდა. გაუმარჯოს აერობიკას! ესე იგი, სწორად მივარჯიშია. პრესის კუნთების თითო წამოტკიებაზე სწორი და გლუვი მუცელი წარმომიდგება თვალწინ. იმედი მაქვს, მალე ვიხილავ სარკეში (ან თუნდაც მერე, არა აქვს მნიშვნელობა).
დღეს მაგდუმ მითხრა შენი ბლოგი წავიკითხეო. მაგდუ გამარჯობა :)
დღევანდელი მენიუ: უშაქრო ყავა, უცხიმო ყველი, სოკოს სალათა და ცოტა ისპანახი, იოგურტი და სამი ცალი ბანანი. ახლა გრეიფრუტს მივირთმევ და მორჩა, ხმის ამომღები არ ვარ.
დღეს ნინო ვნახე და ვაკიდან შარდენამდე ფეხით ვიარეთ, მააშ :-> მე კუნთები მტკიოდა, მას ქუსლებზე ეცვა-დაგვაფასეთ!
აერობიკა ზეგ მაქვს, ხვალ ჩემით წავივარჯიშებ.

ვხდები

23 Mar

კატეგორიის პრემიერა მაქვს: დიეტა!
რა შეიძლება ქალს სძულდეს ზედმეტ კილოგრამებზე მეტად? დიეტა, რა თქმა უნდა. ვარჯიშიც (ჩემნაირ ზარმაცებს).
მაგრამ მოვიდა გაზაფხული, გახდომისა და თხელი ტანსაცმლის დრო. შესაბამისად, გადავდივარ დიეტაზე და აქტიურად ვიწყებ ვარჯიშს.
ეს ყველაფერი ბლოგის გარეშეც შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ მერე ადვილად დავიკიდებდი. ახლა კი როგორ შევხედო ბლოგერებს თვალებში-მათ ხომ იციან რომ დიეტაზე ვარ და ვერ დავარღვევ : ))
მოკლედ, დღეს მივდივარ გალათეაში, აბონიმენტი უნდა ავიღო. ამასთან ერთად, ვიწყებ ფეხით სიარულს და ვუკლებ ჭამას.
არ დავწერ, რამდენი კილო ვარ: )) ჩემი სასწორი აფრენს, თან რაღაც არაესთეტიკურია. საბოლოო ჯამში, შვიდი კილოს დაკლება მინდა.
Wish me luck :->

უნდამევიყო : ))

Follow

Get every new post delivered to your Inbox.