Archive | ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა RSS feed for this section

მეტი ვიძინოთ

17 Nov

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თერთმეტის ნახევარია და უმრავლესობას უკვე დიდი ხანია გვღვიძავს, დარწმუნებული ვარ, რომ თვალებს მაინც ძლივს ვახელთ, მოთენთილები ვართ და დილის საათებში დიდი პროდუქტიულობითაც არ გამოვირჩევით. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძილი გვაკლია. ძველი, მშობლიური, ტკბილი ძილი. ამბობებ, რომ, სულ მცირე, რვა საათი უნდა გეძინოს. იმასაც ამბობენ, რომ ეს მაინც ინდივიდუალურია და ყველა თავისით გამოიმუშავებს საკუთარ ოპტიმალურ დროს. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ რვა საათის თეორია გაცილებით უფრო მყარია, რადგან ჩემ გარშემო ხალხს  ძილი მასიურად აკლია.

ადრე ადგომა პრობლემა არაა. რვაზე იღვიძებ თუ ცხრაზე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში სამუშაო დღე გაცილებით ადრე იწყება, დილის გადაცემის წამყვანები კი, საერთოდაც, ხუთზე დგებიან, მგონი!!!

მთავარია დროულად დაძნება. ჩემს შემთხვევაში, თერთმეტზე. თან:

  1. არანაირი ინტერნეტი. სერიალების ყურებამ ისე შეიძლება შემიყოლიოს, რომ თერთმეტზე კი არა, სამზეც ვეღარ დავიძნო.
  2. არანაირი ძილის წინ კითხვა. წიგნებს, უმეტესობა, ძილის წინ კითხულობს. აბა, დღისით ვის აქვს მაგის დრო. ძილის წინ წაკითხული კი მე სიზმრებში კოშმარებად მყვება და მერე მთელი ღამე ამა თუ იმ სიუჯეტს ვხედავ, რაც ემოციურად ძალიან მღლის და დილით გატანჯული ვიღვიძებ.

ამ პირობებს თუ შეასრულებთ, დილით არც თვალები გექნებათ ჩაშავებულ/ჩაწითლებული, არც ადგომა დაგეზარებათ, არც მოთენთილობა შეგაწუხებთ და სამსახურსა თუ უნივერსიტეტშიც უფრო მხნედ წახვალთ.

ეჰ, სალაპარაკოდ ადვილია, შესრულება კი-ძნელი. დღესაც ვეცდები ადრე დაძინებას. დილითაც ადამიანურად მოვემზადები, და არა ასე:

6. და თქვენ რომელ საათზე იღვიძებთ, სერ?

30 May

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ბევრს არ უყვარს და ყოველ დილით ამაზე წუწუნებს: ადრე ადგომა ძალიან კარგია :)

ზოგადად, დილის ძილი ყველაზე სასიამოვოა. რა ჯობია, ნებივრად რომ გადაბრუნდები ერთი გვერდიდან მეორეზე და იცი, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ამდენი და ამდენი დრო გაქვს დარჩენილი. მეც ასე ვიყავი. სამსახურში ათ საათზე უნდა ვიყო, შესაბამისად, ცხრა საათზე რომ ავდგე და გამზადება დავიწყო, ამ პირობას უპრობლემოდ ვასრულებ. ბოლო პერიოდში კი უფრო ადრე დავიწყე ადგომა, შვიდ საათზე.

რვის ნახევრისთვის უკვე გამოფხიზლებული ვარ და სარბენად გავდივარ. ყურსასმენები, დილის სუფთა ჰაერი და წყნარი ქუჩები: დღე ამაზე უკეთ როგორ უნდა დაიწყოს. ხან სწრაფად დავდივარ, ხან დავრბივარ, როგორც შემიძლია. ნახევარი საათის მერე სახლში ვბრუნდები, წყალს ვივლებ და ცხრა საათისთვის უკვე გამზადებული ვარ.

სამსახურამდე ერთი საათია დარჩენილი. ყავას ვიდუღებ, წიგნს ვიღებ და მშვიდად ვსვამ. დილის სასიამოვნო რიტუალია. ნელ-ნელა მოდის ათის ნახევარი და მეც ნელ-ნელა გავდივარ სახლიდან, სრულიად გამოფხიზლებული, მშვიდი და კარგ გუნებაზე მყოფი.

ახლა, რა ხდება, თუ ცხრაზე ვიღვიძებ და ადრე არ ვდგები: როგორც წესი, ზუსტად ცხრა საათზე ვერ ვეშვები ძილს და ათის წუთებზე წამოვვარდები. ბარბაცით გავდივარ აბაზანაში და იქიდან უკვე კისრისტეხით ვბრუნდები ოთახში, რადგან მაგვიანდება და ვეღარაფერს ვერ ვასწრებ. საუზმეზე ლაპარაკიც ზედმეტია, შეიძლება ყავის მოდუღებაც ვერ მოვასწრო და ოფისში დავლიო ერთჯერადი მაკკოფე, რომელიც მძულს. ხასიათი-საშინელი, განწყობა-მძინარე, ორგანიზმი-მოდუნებული. ის საყვარელი დილის ძილი არ ღირს ამდენად, ჩემთვის.

და თქვენ რომელ საათზე დგებით, სერ?

 

5. ძუნძული a.k.a ჯოგინგი

22 May

ერთხელ, ექიმი ჰაუსის რომელიღაც სეზონის რომელიღაც სერიას ვუყურებდი, რომელიც მოძუნძულე კადით დაიწყო. პრინსტონ პლეინსბოროს მთავარი ექიმი თავის დილას საკმაოდ ადრე იწყებდა, ვარჯიშით. შემდეგ, სირბილით დაღლილი წყალს გადაივლებდა და სამსახურშიც თავის დროზე ცხადდებოდა.

აი, შედეგიც:

  ისე კი, ვისაც ეს სერიალი ნანახი გაქვთ, ნამდვილად გექნებათ შემჩნეული კადის არაჩვეულებრივი ფიგურა-სულ კარგად გამოიყურება, სულ ფორმაშია. არ ვიცი, რამდენად მისდევს ცხოვრების იგივე წესს მსახიობი ლიზა ედელშტეინი, მაგრამ კადის აქტიურმა სტილმა მაშინ ძალიან მომხიბლა და გადავწყვიტე, მეც მეცადა.

დილით ვდგები შვიდ საათზე. რვის ნახევრისთვის უკვე ქუჩაში ვარ. დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში სწრაფი ნაბიჯით დავდივარ,  ხან კი-დავრბივარ. დიდხანს ძუნძულს საკმაოდ დიდი ენერგია და ძალა სჭირდება, რაც, ალბათ, დროის შემდეგ გამომუშავდება. მეც, როცა სირბილით ვიღლები, სიარულზე გადავდივარ. ცხრისთვის სახლში მოვდივარ, წყალს გადავივლებ და სამსახურისთვის ვემზადები.

ვერც კი წარმოიდგენთ, რა სასიამოვნოდ დამუხტული ვარ მთელი დღე. სცადეთ ერთხელ და იგრძნობთ, თუ როგორი აუცილებელია დილის გამამხნევებელი ვარჯიში ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის.

4. ალ კო ჰო ლი

20 May

შეუძლებელია ცხოვრების ჯანსაღ წესზე ალკოჰოლის ხსენების გარეშე ლაპარაკი.

საინტერესო იქნებოდა ისეთი სტატისტიკის წარმოება, სადაც ნათლად გამოიკვეთებოდა, თუ რა ასაკიდან იწყებენ ბავშვები სმას. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტებსა თუ მაღაზიებში დიდი ასოებით წერია, რომ ალკოჰოლსა და სიგარეტს 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე არ ყიდიან, ეს დათქმა მაინც ხშირად ირღვევა. აბა, ჩააგზავნეთ ბავშვი მაღაზიაში და დააბარეთ სასმელი ან თამბაქო, თავად დარწმუნდებით, რომ ასეა.

ალბათ, ამანაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ ყველა სვამს. პარკებსა და მიყრუებულ ქუჩებში ლუდს და არაყს, დაბადების დღეებზე კოკა კოლას და არაყს, უფრო ტრადიციულები ღვინოს, უფრო დერზკები ღმერთმა იცის რას და ა.შ.

მე არ ვსვამ. რამდენიმე წლის წინ ისე მომწამლა სასმელმა, რომ დალევაზე კი არა სუნზეც ცუდად ვხდები. და ვზივარ მერე მთვრალ ადამიანებში ერთადერთ ფხიზელი და ვცდილობ მათ მთვრალ ხუმრობებზე ვიცინო :)

ალკოჰოლის ჭარბად მიღება ოდითგანვე მოგვდევს, მგონი. მაგრამ ახლა ძალიან დაიწია ასაკმა და თითქმის ყველა სვამს.

“აუ, არ სვაააავ?”

ათასში ერთხელ-კი. და ისე სად მაქვს სამაგისო ღვიძლი :)

პოსტი ეძღვნება ფოცხის, თუ წაიკითხავს :) :)

3. არ ეწევი? o_O არა! ^_^ რა მაგარია >_<

19 May

თუ შეგიმჩნევიათ, ამ ბოლო დროს ერთი ცუდი ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვალა: მოწევა. რამდენიმე წლის წინ მაგრად ტეხავდა, თუ ყველა ეწეოდა და შენ-არა. დღეს თითქმის პირიქითაა: ძალიან ხშირად მოვხვედრილვარ მსგავს სიტუაციაში და ყველა მე შემომნატრის, რომ არ ვეწევი და სიგარეტზე დამოკიდებული არ ვარ. შეიძლება, ეს ადამიანები მოწევისთვის თავის დანებებას სულაც არ აპირებენ და, უბრალოდ, სიტყვებით შემოიფარგლებიან, მაგრამ ყინული უკვე დაძრულია. პრობლემის გადასაჭრელად პირველი ნაბიჯის გადადგმა ხომ მისი აღიარებაა! მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოკლედ ვიტყვი და მეასედ გავიმეორებ უკვე ყველასთვის ნაცნობ ფრაზას, რომ მოწევა მავნებელია. შეიძლება არ მოგკლათ, არც ფილტვების კიბო დაგმართოთ და არც სასუნთქი გზების, მაგრამ უარყოფით გავლენას უდაოდ ახდენს:

  • გიჩნდებათ საშინელი, სპეციფიური სუნი პირში;
  • გიბოხდებათ ხმა;
  • გიყვითლდებათ თითები და სპეციფიური სუნი მანდაც ინაცვლებს (თუმცა, ეს უფრო სტაჟიან მწეველებს ემართებათ, ალბათ);
  • ბიუჯეტს ერხევა (მსოფლიოში სიგარეტი საკმაოდ ძვირი ღირს. პრინციპში, აქაც).
  • მალე იღლებით, გიტყდებათ ქოშინი (რა ცუდი სიტყვაა, არა?).
 ახლა სხვა მიზეზები არც მახსენდება.
თუკი მწეველი ხართ ვინმე აქ, როგორ ფიქრობთ? არის თუ არა სიტუაცია რეალურად ასე, თუ მე მეჩვენება?

2. სიარულმა რა ჰქმნა?!

17 May

ვაგრძელებ “ჯანსაღი ცხოვრების ერთ კვირას”. წინა პოსტში კვების რაციონზე გწერდით, ახლა მორიგ თემას მივხედოთ.

რამდენიმე წლის წინ მაგრად გავხდი. თან ისე არა, რომ შეხედავ და იფიქრებ, ნეტავი რა ავადმყოფობა აქვს ამ საწყალს გადატანილიო. პირიქით-არასდროს ვყოფილვარ ისე ჯანმრთელი, მხნე და ენერგიული, როგორც მაშინ. ვიყავი ისეთი, როგორიც  უნდა ვყოფილიყავი.

ყველაფერი კი მათემატიკითა და აღმაშენებლის გამზირით დაიწყო. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ საგანს, ქუჩას და ცხოვრების ჯანსაღ წესს? აბიტურიენტობის პერიოდი. იმ წელს ვაბარებდი, მათემატიკაში კი ვემზადებოდი მასწავლებელთან, რომელიც ძველ პლეხანოვზე ცხოვრობდა. შესაბამისად, იქ სიარული  კვირაში რამდენჯერმე, ბოლოს კი ყოველდღე მიწევდა.

ჰო, მანამდე გამხდარი არასდროს მეთქმოდა. პირიქით-წონას მუდმივად ვუჩიოდი, ჩივილის დონეზე-ფიზიკური აქტიურობითაც არ გამოვირჩეოდი. ასე მივაღწიე დამამთავრებელ კლასს.

დავუბრუნდეთ მათემატიკას. მე თვითონ ვაკეში ვცხოვრობ, საიდანაც აღმაშენებელზე ა რ ა ფ ე რ ი არ დადის. ახლა არ ვიცი, მაშინ ნამდვილად არ დადიოდა. ერთადერთი, 59 ნომერი ავტობუსი მიდიოდა მარჯანიშვილამდე. შესაბამისად, სულ მაგას დავყვებოდი. გაკვეთილის მერეც 59-ს უნდა შევხტომოდი, მაგრამ აუხსნელი მიზეზების გამო ისეთი გაჭედილი მოდიოდა, რომ იქ ასვლას ქუჩაშივე ხარაკირის გაკეთება მერჩია. ამიტომაც, დავადებდი თავს და აღმაშენებლიდან მარჯანიშვილისა და ელბაქიძის აღმართის გავლით ვაკეში ფეხით მოვდიოდი. სულ. მაშინ CD პლეიერების ეპოქა იყო და დისკებიც ბლომად მქონდა, რაც გზას ფსიქოლოგიურად მიმოკლებდა.

ასე გავიდა ერთი წელი. ფეხით რამდენი კილომეტრი გავიარე, ღმერთმა იცის. წლის ბოლოს კი შემთხვევით,  მართლა შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი მამიდაშვილის ქვედაბოლო შემეკრა (ჩემი მამიდაშვილი ჩემზე, სულ მცირე, ათი კილოთი მაინც გამხდარია).

ეს იყო სრული შოკი. გავგიჟდი. უცებ იღვიძებ  და ხედავ, რომ ძალიან გამხდარი ხარ.  ამის მიზეზი კი ფეხით ამდენი სიარული იყო. სხვას რას დავაბრალო, არ ვიცი: ჭამისთვის რომ არ მომიკლია, ეგ ნამდვილად მახსოვს. გაკვეთილების გარდა კი დიდად არსად მივლია.

ამიტომ, მიეძალეთ სიარულს. ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათით სწრაფი სიარული ფორმაშიც ჩაგაყენებთ, განწყობასაც გაგიუმჯობესებთ, მხნედაც იქნებით და არც კამეჩის სინდრომი არ შეგაწუხებთ.

1. სწორი კვების პრინციპები

16 May

ჯანსაღი ცხოვრების წესი სწორი კვების გარეშე წარმოუდგენელია. დღეს სწორედ ამ თემაზე მინდა გესაუბროთ და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.

რას ვჭამთ?

ალბათ, ყველაფერს. თავს არაფერში ვიზღუდავთ. ან, პირიქით-ათასნაირ დიეტებზე ვართ და ნერვულ უჯრედებს ზედმეტ წონასთან ერთად ვკლავთ. აქვე გეტყვით, რომ მკაცრი დიეტით დაკლებული წონა ბუმერანგივით უკან ბრუნდება, ნერვები კი-არა. ამიტომ, გაუფრითხილდით თავს და კვების ოქროს შუალედი იპოვეთ.

ზოგადად, ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ რასაც აუკრძალავ, მაინცდამაინც ის უნდება. საკუთარ თავთან წინააღდემგობაში მოსვლა და ცდუნებისგან თავის შეკავება საკმაოდ დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. როდესაც სხვადასხვა დიეტებს ვიცავდი, მუდამ ვიღრინებოდი, გაღიზიანებული და ნერვებაშლილი ვიყავი. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ გემრიელი სადილის შემდეგ დიეტის გაგრძელებას უტოპიური “ორშაბათისკენ”  (რომელიც არასდროს დგებოდა) ვდებდი.

ალბათ, ასე ხართ თქვენც. შეიძლება, ჩემგან განსხვავებით უკეთესი ნებისყოფა გაქვთ და თავს იკავებთ, მაგრამ, აღიარეთ, რომ საკმაოდ რთული პროცესია. აი, ზუსტად ასეთ ამბებში ვიყავი, როდესაც კალორიების დიეტა ფორუმელი ნენოსგან აღმოვაჩინე. პრინციპში, დიეტას შეცდომით ვუწოდებ: ის ჩემთვის, უბრალოდ, სწორი კვებაა, რომლისგანაც არავინ არ ზარალდება, ზედმეტი წონის გარდა.

რაში მდგომარეობს კალორიების თვლის პრინციპი? ნებისმიერ პროდუქტს გააჩნია კალორიების გარკვეული რაოდენობა. მათი მოძიება ინტერნეტის მეშვეობით ადვილად შეიძლება, რამდენიმე ქართულ საიტს აქაც დაგიგდებთ:

ვარიანტი #1
ვარიანტი #2

რამდენი კალორია უნდა მიიღოს ადამიანმა დღეში იმისთვის, რომ წონა შეინარჩუნოს? ან დაიკლოს? ან, ასეთებიც არიან, მოიმატოს?

Counting Calories

ამ საიტის მეშვეობით შეძლებთ იმის გამოანგარიშებას, თუ რამდენი კალორია გჭირდებათ (მე, მაგალითად, დღეში 1200 კალორია “გამომიწერა”). რას რამდენი კალორია აქვს ხომ უკვე ვიცით? ჰოდა, შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი, და მაინც დავიკლოთ! საქმე ისაა, რომ ბალანსირებული კვებით საჭმლის მომნელებელი სისტემა წესრიგდება, იღებთ სასურველ საკვებს და თან ზომიერად. ეს ყველაფერი ფორუმელმა ნენომ გატესტა და ძალიანც კმაყოფილია. მეც ვიცავ და ვუერთდები მას, საკმაოდ ეფექტური და მარტივი გზაა.

ოღონდ, არ ელოდოთ სწრაფ შედეგს. კალორიების თვლით დაიკლებთ ნელა, გამოზომილად, მაგრამ სამუდამოდ (ახლა, ზომიერების გრძნობა თუ დაკარგეთ და გაგიჟდით და გადაირიეთ, შეიძლება ისევ გასუქდეთ). როგორც წესი, კალორიების თვლით დაკლებული წონა ადვილად არ ბრუნდება, რადგან იკლებთ არა ორგანიზმიდან წყლის გამოდევნის, არამედ ცხიმების წვის ხარჯზე.

თუკი წონის დაკლება არ გსურთ და, უბრალოდ, გსურთ ჯანსაღად იკვებოთ, იგივე კალორიებს გირჩევთ. ამ გზით არც არაფერს მოიკლებთ და არც არაფერი მოგენატრებათ. სამაგიეროდ, ორგანიზმი ზუსტად იმდენ საკვებს მიიღებს, რამდენიც სჭირდება.მოვიმარჯვოთ ელექტრო-სასწორები და ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი ულუფა. პირველი კვირა ჭირს, მერე იზეპირებ კალორიებს და თვალის ზომაც ვარჯიშდება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მინი-პროექტის პირველ თემად სწორი კვება ამერჩია. სულ რომ მენჯებიდან ამოვხტეთ ვარჯიშით და ფიტნეს-კლუბებში დავაღამოთ, თუ საკვების მხრივაც არ შევუწყვეთ ხელი, შედეგს ვერანაირად ვერ მივიღებთ.

პ.ს. ჩემი 1200 კალორია მიღებულია ^_^

ჩემი პირველი ბლოგოპროექტი

15 May

“ჯანსაღი ცხოვრების წესი”  ყველაზე პოპულარულ ცნებად იქცა.  ჩვენთან თავს არავინ იკლავს სწორი კვებითა და ვარჯიშით, ვერც დილაობით შეხვდებით მორბენალ ადამიანებს და ვერც საღამოს. შესვენების დროს საშაურმეებთან ნამდვილი რიგი დგება, ხოლო სახლიდან წამოღებულ მწვანე სალათს არავინ არ მიირთმევს. ჩვენი ვარჯიში გაჩერებამდე ან მანქანამდე არსებული მანძილია, მერე ვდევართ მთელი დღე და საღამოს იგივე მარშრუტს ვასრულებთ.

მოკლედ, ძალიან მოსაწყენია ასე ცხოვრება, ძალიან! დასანანია, როცა ცხოვრების საუკეთესო წლებს  კამეჩივით ატარებ. მაინც მჯერა, რომ ნელ-ნელა შევიცვლებით და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვისაც აქტუალური და მისაღები გახდება.

ანუკი წერდა, რომ ყოველთვის სურდა ბლოგზე რაიმე პროექტის წამოწყება, რომელშიც მკითხველებიც ჩაერთვებოდნენ და ერთად იმჯსელებდნენ. დღეს მომივიდა აზრი, რომ ასეთი პროექტის გაკეთება ხვალიდანვე შემიძლია, სათაურით

ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა 

ანუ, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვივარჯიშებ, ჯანსაღად ვიკვებები, მინიმალურ დროს დავუთმობ კომპიუტერს და ჯდომას (სამსახურში გატარებული დრო არ ითვლება, რა ვქნა) და 22 მაისს, ანუ იქით კვირას დავწერ შედეგებს: ძნელია თუ არა ეს ყველაფერი, რამდენად სასიამოვნოა, რამდენად აქვს აზრი და ა.შ.

კარგი იქნება, თუ ამ პროექტში ყველა ჩავერთვებით და ერთ კვირას მაინც ისე გავატარებთ, როგორც ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანები და არა ოცდამეერთე საუკუნის ქონში და უმოძრაობაში ჩაძირული კამეჩები.

პ.ს. კამეჩებთან ნასინგ ფერსონალ, ეს ისე, ზოგადად. 

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.