ყველაზე მოსაწყენი ვიკენდი მქონდა : (
ვიძინებ!
27 Janახლა დავიძინებ. ხვალ გვიან გავიღვიძებ. ჩემით, მაღვიძარას გარეშე. ნელ-ნელა ავდგები და მთელ დღეს უქმად გავფლანგავ.
ახლა დავიძინებ და ხვალ ყველა ჩემი პრობლემა და წუხილი უფრო მსუბუქი და უმნიშვნელო მომეჩვენება.
ძილის წინ შეიძლება ისევ დავიძაბო, ტვინი ახმაურდეს, აზრებმა ხმამაღლა ისაუბრონ ერთმანეთში, მაგრამ ჩემი ძველი მეგობარი ძილი ყველას გააჩუმებს.
ვიძინებ.
ხელნაწერთა ღაღადი
18 Janადრე რომელიღაც ჟურნალში უმბერტო ეკოს სტატია წავიკითხე, სადაც ის კალოგრაფიის საკითხებზე და ხელით წერის ჩვევის დაკარგვის საფრთხეზე წერდა. იმ დროისთვის უკვე მეც “საფრთხის” ქვეშ ვიყავი, დღეს კი ეს სტატია მთლიანად ჩემზეა.
გუშინწინ გამოცდა ვწერე. დაგვირიგეს თაბახის სამი ფურცელი და უნდა გაგვევსო. ვგრძნობდი, რომ იდეები მომდიოდა, მაგრამ ქაღალდზე გადმოტანა მეზარებოდა, ხელი მეღლებოდა, მაჯა მტკიოდა.. აზრებს ვკვეცდი, ვამოკლებდი, შინაარსს გადმოვცემდი და მოკლედ ვაყალიბებდი. ეს ყველაფერი კი მარტო იმიტომ, რომ ხელით არ მეწერა და მალე დავხსნოდი ამ სატანჯველს : )
და მაშინ დავფიქრდი პირველად: ახლა რომ ლეპტოპი დამდიგან წინ და ეს ყველაფერი ვორდის ფაილში ამაკრეფინონ, გაცილებით უკეთეს ქულას მივიღებდი და უფრო თავისუფლადაც ვიმსჯელებდი-მეთქი ( ისიც გამახსენდა, რომ ჩემი დღიურების წერის მრავალწლიანი ტრადიცია ჯერ შესუსტდა, მერე კი საერთოდაც გაქრა).
დღეს მარტო ყვითელ სტიკერებზე მიწევს რაღაცის ჩანიშვნა და რამდენიმე განაცხადის ხელით შევსება. ყველაფერმა დანარჩენმა ციფრული ხასიათი მიიღო და წკაპ-წკუპ რეჟიმში კალმიდან კლავიატურაზე გადაინაცვლა.
იმედი მაქვს, რომ მალე გამოცდებსაც ვორდში ავკრეფთ და ყველანი უფრო პროდუქტიულნი ვიქნებით ^_^

შემთხვევითი ადამიანები
14 Janძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, სრულიად უცხო ხალხზე. მათზე არაფერი არ ვიცი: არც სახელი, არც საცხოვრებელი ადგილი, არც ის, თუ რითი არიან დაკავებულნი და სწორედ ამიტომ არიან ჩემთვის ძალიან საინტერესონი. საჭიროა მხოლოდ მეტი ყურადღება და წინ უკვე გარკვეული სურათი გვაქვს.
მაგალითად, დღეს ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიყავი. სკამზე ჩამოვჯექი და ხალხის თვალიერება დავიწყე. ჩემი ყურადღება ორმა ქალმა მიიპყრო, სავარაუდოდ, დედა-შვილმა. შვილი ქერა, გამხდარი გოგო იყო, ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის. შავ ფეხსაცმელს იზომებდა. დედა ორმოცდაათი წლის იქნებოდა, დანაოჭებული სახით და ხაკისფერი პალტოთი. შვილს არჩეულ ფეხასმელს უწონებდა და ხელში ფულს სრესდა. ფული დაკუჭული, ათასი ადამიანის ხელში გამოვლილი და ძველი იყო, ორმოცდაათ და ასლარიანები. ატრიალებდა ამ კუპიურებს ხელში და ეხვეწებოდა, ვიყიდოთო. შვილი ყოყმანობდა, ფეხსაცმელს ხელში ატრიალებდა, ყოველ ნაკერს უმოწმებდა, კიდევ ერთხელ იზომებდა და ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ალბათ, არ მუშაობდა და საკუთარი ფული არ ჰქონდა. დედამისს კი ის დაკუჭული ფული წვალებით ჰქონდა გადანახული თავისი შემოსავლიდან და შვილისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდა. არ ვიცი, იყიდეს თუ არა, მე უკვე სხვა წყვილს ვუყურებდი, ხანში შესულ ცოლ-ქმარს. ქალი თავისთვის ქუსლიან ფეხსაცმელს არჩევდა. თხელი, ლამაზი ფეხები ჰქონდა და, პრინციპში, ყველაფერი უხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც პრეტენზიული იყო. ბევრ წყვილს იზომებდა და ყველას ქმარს აჩვენებდა, რომელიც გულწრფელად იყო დაინტერესებული საუკეთესო ვარიანტის შერჩევით. ქალს ლამაზი ქურქი ეცვა. და ფეხსაცმელიც ლამაზი უნდოდა. ალბათ, რამდენიმე შვილი ჰყავთ. ქმარი მთელი ცხოვრება მუშაობდა, ცოლი კი ოჯახში ტრიალებდა. თავის დროზე მოსკოვი და მისთანებიც ექნებათ მოვლილი, ქურქიც იქ ნაყიდი. სახლში ძველებური ავეჯი ედგებათ და ექნებათ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საღამოს მთელი ოჯახი ერთად სვამს ჩაის.
მერე კი მეც წამოვედი. სულ დამავიწყდა ის მენახა, რისთვისაც მივედი-ფეხსაცმელები.
In a moment of peace
7 Janთქვენი არ ვიცი და მე, პირადად, ცხოვრების ყოველდღიური რიტმისგან საშინლად ვიღლები. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ენერგიის უშრეტი მარაგი აქვთ და ყველაფრისთვის მუდამ მზად არიან? ჰოდა, მე ასეთი არ ვარ და ჩემი მარაგის შევსება პერიოდულად მესაჭიროება.
მაგალითად, დღეს. ისეთი დღეა, როდესაც ყველა ერთმანეთთან მიდის და ქეიფობს. ქეიფი დიდად არ მიყვარს, მხოლოდ მეგობრებში, ისიც იშვიათად. ამიტომ, დავრჩი სახლში და იდეალური საღამო მოვიწყე.
პირველ რიგში, დავიწყე ფილმების გადმოწერა. სანამ იტვირთებოდა, თავში გენიალური აზრი მომივიდა: რატომ არ ვაქციო ზურგი ტრადიციულ საახალწლო მენიუს, არ გავვარდე გუდვილში და არ შევიძნო ბოთლი ლუდი და ჩიფსები?
ასეც მოვიქეცი:

შუქი ყველა ოთახში ჩავაქრე, ტელეფონები გამოვრთე და The Dreamers ჩავრთე.
მიყვარს ასეთი საღამოები, როდესაც მე და წიგნი, მე და ფილმი, მე და მუსიკა მარტო ვრჩებით და არავინ ამქვეყნად ხელს არ გვიშლის.
ასე ივსება ჩემი ენერგიის მარაგი.







